ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ განბლოკა სოციალური ქსელი X-ი (ყოფილი ტვიტერი) მას შემდეგ, რაც ქსელის მფლობელმა ილონ მასკმა გადაიხადა ფულადი ჯარიმა – 28,6 მილიონი რეალი (5,1 მილიონი დოლარი). ეს გამომდინარეობს სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზიდან. მასში ნათქვამია, რომ მოსამართლე ალექსანდრე დე მორაესმა “სოციალური ქსელის საქმიანობის აღდგენის ნებართვა გასცა.”
X-ის განბლოკვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სოციალური ქსელი დასთანხმდა, შეესრულებინა ბრაზილიის ხელისუფლების მოთხოვნები. კერძოდ, დაბლოკოს რამდენიმე პროფილი, რომლებიც, მთავრობის თქმით, 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ და დანიშნოს ადგილობრივი წარმომადგენელი.
წლის დასაწყისში ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ მოითხოვა იმ “ექაუნთების” დაბლოკვა, რომლებიც ეჭვმიტანილია “ფეიკების” და “სიძულვილის” გავრცელებაში. გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობით, სასამართლოს პრეტენზიები ძირითადად ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს მხარდამჭერების “ექაუნთებზე” აისახა.
X-ის მფლობელმა ილონ მასკმა მორაესის პრეტენზიებს ცენზურა უწოდა და დახურა სოციალური ქსელის ოფისები ბრაზილიაში, მაგრამ ქვეყნის მცხოვრებლებს კვლავ აქვთ წვდომა პლატფორმაზე. ამის შემდეგ, ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ დააყადაღა სატელიტური კომუნიკაციების კომპანია Starlink-ის ადგილობრივი საბანკო ანგარიშები, რომელთა 40 პროცენტი მასკის კუთვნილებაა.
სასამართლო გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო აგვისტოს ბოლოს ბრაზილიაში სოციალური ქსელი X-ი დაიბლოკა. მასკმა მოსამართლე მორაესს “მოსამართლის მანტიამოსხმული ბოროტი დიქტატორი” უწოდა.