ნათია მეზვრიშვილი „გორბის“ კვლევაზე : “ქართული ოცნება” უკვე დამარცხებულია, მორიგი სიგიჟე გამოაქვეყნეს, თავს იმშვიდებენ

ძალიან დიდი სიფრთხილე არის საჭირო, რომ არჩევნებამდე დარჩენილი 19 დღე არ მოვანდომოთ წინ და უკან სიარულს და დრო არ დავკარგოთ , – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” პრეზიდენტთან ჩანიშნულ შეხვედრებთან დაკავშირებით განაცხადა.

მეზვრიშვილის განმარტებით, აქამდე არ ყოფილა კანდიდატებზე თუ კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი, თუმცა მის გუნდს ამ საკითხზე ხისტი დამოკიდებულება არ აქვს.

“ძალიან დიდი სიფრთხილე არის საჭირო, რომ არჩევნებამდე დარჩენილი 19 დღე არ მოვანდომოთ წინ და უკან სიარულს და დრო არ დავკარგოთ ისეთ რაღაცებზე, რასაც წესით უნდა ვუთმობდეთ წინასაარჩევნო კამპანიას. ახლა აუცილებელია ადამიანებთან კომუნიკაცია. მეტ-ნაკლებად ეს კონფიგურაციები უკვე ჩამოყალიბდა, მოქალაქეებმა იციან, რომელი პარტია სად დგას, მეტ-ნაკლებად ნათელი გახდა ამ ხალხისთვის არჩევანი და ახლა კიდევ რაღაც ბუნდოვანების შემოტანა, შეიძლება, არ იყოს კარგი.

ჩვენ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტთან ერთად ამ პროცესში ვიქნებით, ხვალ მასთან შეხვედრა გვაქვს და მოვისმენთ კონკრეტულად, რა შემოთავაზებები იქნება, რა იქნება და იქიდან რომ გამოვალთ, ამაზე კომენტარს გავაკეთებთ.

აქამდე არ ყოფილა კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი. ჩვენ ამ საკითხზე ხისტი დამოკიდებულება არ გვაქვს, იმიტომ, რომ ხელი მოვაწერეთ ამ ქარტიას და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რასაც ხელი მოვაწერეთ და რა ნაწილში მოვაწერეთ, ამისი ერთგულები ვიყოთ, პატივს ვცემთ პრეზიდენტის ძალისხმევას ამ პროცესში. რა კანდიდატურებზე იქნება საუბარი, ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ, ისე არ უნდა წავიდეს ეს პროცესი, რომ მთელი ყურადღება ამან წაიღოს და ჩვენ საარჩევნო კამპანია გვერდით მოგვრჩეს”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ დაუშვებელია, “ქართული ოცნების” პოლიტიკის გამო, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია და კანდიდატის სტატუსი შეუჩერონ.

მისი შეფასებით, ამჟამინდელი ხელისუფლება არჩევნებში დამარცხდება, რადგან პარტიაშიც კარგად იციან, რომ მათ მომავალთან დაკავშირებით სრული ბუნდოვანებაა.

“არც ვიზალიბერალიზაცია და არც კანდიდატის სტატუსი ევროკავშირმა უკან არ უნდა წაიღოს, რადგან ეს ხალხმა მოიპოვა, ეკუთვნის ამ ქვეყანას და მის ანტიდასავლურ ხელისუფლებას. ხელისუფლება შეიცვლება 26 ოქტომბერს და ქვეყანა ძალიან სწრაფად წავა ევროინტეგრაციის გზაზე, ამიტომ, თუ ასეთი აზრი მუსირებს ევროპარლამენტსა და ევროსტრუქტურებში, ვეუბნებით ჩვენს პარტნიორებს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, რადგან, პირველ რიგში, ზარალდება ხალხი. თუ რამე პოლიტიკური და სამართლებრივი ზომების მიღება უნდათ, უნდა მიიღონ ეს ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც ამას იმსახურებს – ეს არის  და მისი “ქართული ოცნება”. ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი და იმის გამო, რომ ჩვენ უვარგისი ხელისუფლება გვყავს, არ უნდა წაგვართვან”, – განაცხადა მან.

მან ისაუბრა „გორბის“ ბოლო კვლევაზეც და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებაში“ თავს იმშვიდებენ.

“ქართული ოცნება” ვერ მოიგებს, ეს პოლიტიკური პარტია უკვე დამარცხებულია. ახლა რაღაც მორიგი სიგიჟე გამოაქვეყნეს – კვლევები. თავის თავს იმშვიდებენ იმიტომ, რომ შიგნითაც ძალიან დიდი ტურბულენტობაა პარტიაში და ერთმანეთს ჭამენ, ვერ გაუგიათ, ბიძინას რა ელის. ყველაფერი ძალიან თვალსაჩინოა, რა პროცესებიც შიგნით მიმდინარეობს.

გუშინ გამართეს რაღაც პრეზენტაცია, რომლის თარიღსაც ჯერ ასაიდუმლოებდნენ, მერე ივანიშვილმა საერთოდ ჩათვალა, რომ ეს მნიშვნელოვანი არ იყო და მარტო დატოვა. ვფიქრობ, ეს მესიჯი იყო, რომ კობახიძის საქმე წასულია, არ იცის მან, მის ბედს როდის გადაწყვეტს მისი პატრონი. საკმაოდ აღელვებული ჩანდა – მე ასე დავინახე.  პრეზენტაციაზე არ მივიდა – იქ ორ ირაკლის შორის გაწევ-გამოწევა არის, რაღაცებს ვერ იყოფენ, ეს საპარლამენტო სიაშიც ძალიან კარგად გამოჩნდა. ისინი არიან მუდმივ კონკურენციაში, რომელი დაწინაურდება მათი პატრონის კარზე. როგორც კი ერთი მოჩვენებითად წინაურდება, მეორესთან მიმართებით ავტომატურად რაღაც პროცესები მიდის ხოლმე. როდესაც ასეთი გაურკვევლობაა, პრემიერმა თვითონ არ იცის, რა ელოდება, ის ვერანაირად ვერ იქნება ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტი”, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით