ეროვნულმა ბანკმა დღევანდელ სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 60 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა. აუქციონზე 48 500 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7194 შეადგინა.
ეროვნული ბანკის განცხადებით, ბოლო დღეებში, ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნის დაფიქსირებამ ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებით, კონკრეტულად, დივიდენდების გეგმიური გაცემით. სები ამბობს, რომ სავალუტო ინტერვენციის გადაწყვეტილება სწორედ არსებული წნეხის შემსუბუქების მიზნით მიიღო.
„მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის პირობებში, გაცვლითი კურსი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების საფუძველზე ყალიბდება. ბოლო პერიოდში, სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები კი მაკროეკონომიკურ ფაქტორებს არ უკავშირდება და შესაბამისად, ასეთი ტიპის მერყეობები მოკლევადიანია. მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები კვლავ ძლიერია — ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, 2023 წლიდან მოყოლებული ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია. ამასთანავე, საგარეო სავალუტო შემოდინებები ძლიერია, რაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მდგრად დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს“, — აცხადებს სები.
ეროვნული ბანკის ინტერვენციის შემდეგ, ეროვნული ვალუტა დოლართან 2.21 თეთრით გამყარდა და ერთი დოლარის ღირებულება 2.7230 ლარი გახდა. 1.97 თეთრით გამყარდა ლარი ევროსთან მიმართებით. ერთი ევროს ღირებულება 2.9909 ლარია.
