ვინ რა თანამდებობას დაიკავებს, ამის განხილვა უნდა მოხდეს არჩევნების შემდეგ. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია, მაგრამ, რა თქმა უნდა, მოვუსმენთ სალომე ზურაბიშვილს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ისურვებდა, რომ მსგავსი შეხვედრების ნაცვლად, დღეს სალომე ზურაბიშვილთან ერთად საქართველოს რეგიონებში მოსახლეობას ხვდებოდეს და ხალხს არჩევნების წინ მოტივაციას უმაღლებდეს.
„მე არ მაქვს ინფორმაცია კონკრეტულად მის ინიციატივასთან დაკავშირებით, ამიტომ ჯერ მივდივართ იმისთვის, რომ მოვუსმინოთ, შეხვედრას წინ არაფერი უდგას. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ყველამ გავაერთიანოთ ძალები და არჩევნებში გავიმარჯვოთ. თანამდებობები – ვინ რას დაიკავებს, ამის დრო არის არჩევნების შემდეგ, ეს არის ჩემი პირადი პოზიცია, მაგრამ, რა თქმა უნდა, მოვუსმენთ სალომე ზურაბიშვილს. ახლა მე, მაგალითად, ვისურვებდი, რომ მასთან ერთად, ყველანი ერთად მთელ საქართველოში დავდიოდეთ, ხალხს ვხვდებოდეთ, მოტივაციას ვუმაღლებდეთ, ვიბრძოდეთ იმ უსამართლობების წინააღმდეგ, რაც საქართველოშია და არა შეხვედრებში ვკარგავდეთ დროს. დღეს, მაგალითად, ქუთაისში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ დავრჩი სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის გამო და მზად ვარ მოვუსმინო და განვიხილოთ. ჩვენ პირნათლად შევასრულებთ ქარტიას, იქ არის რეფორმები, იქ არის პროფესიონალებით დაკომპლექტებულ მთავრობაზე საუბარი, კოალიციურ მთავრობაზე საუბარი, ხაზს ვუსვამ ტექნოკრატიულ მთავრობაზე იქ არ არის საუბარი და ამიტომ ჩვენ ყველა პირობას პირნათლად შევასრულებთ”, – აღნიშნა ვაშაძემ.