სალომე ზურაბიშვილი – საკონსულოების, საგარეოს და ცესკოს პასუხისმგებლობაა, ისე მოაწყონ უბნები, რომ არჩევნების დღეს დიასპორისთვის არ შეიქმნას პრობლემა – ეს არის ძალიან სერიოზული გაფრთხილება!

19 დღე გვრჩება არჩევნებამდე. ასეთი გადამწყვეტი მომენტი შეიძლება არ ჰქონია ამ ქვეყანას. ყოველ შემთხვევაში ახლო ისტორიაში , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ბრიფინგზე განაცხადა.
მან ისაუბრა საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე. პრეზიდენტმა , საგარეო საქმეთა სამინისტრო და საკონსულოები მათთვის შეფერხებების მოწყობაში დაადანაშაულა, თუმცა აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად დიასპორამ შეძლო საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა.
პრეზიდენტმა უწყებებს საზღვარგარეთ ს უპრობლემოდ ჩატარების პასუხისმგებლობაზე მიუთითა და გააფრთხილა.
“მე მინდა, პირველ რიგში თქვენი ყურადღება მივაპყრო ჩვენს დიასპორას, რომელიც ძალიან გააქტიურდა ამ ბოლო დღეებში რეგისტრაციაზე. ყველა უწყება, ცესკო, საგარეო, საკონსულოები – ყველა ჩართული იყო იმაში, რომ ყველანაირი შეფერხებები ყოფილიყო, მაგრამ მაინც შეძლო დიასპორამ, რომ აღრიცხვაზე ჩაწერილიყო დიდი რაოდენობით.
ახლა არის საკონსულოების, საგარეოს და ცესკოს პასუხისმგებლობა, ისე მოაწყონ უბნები, რომ არჩევნების დღეს არ შეიქმნას პრობლემა. მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ პასუხისმგებლობა იქნება უშუალოდ მათი, თუ სადმე არ გაიხსნა ის დამატებითი ფართი, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ადამიანებმა, ვინც არიან დარეგისტრირებული, შეძლონ ხმის მიცემა იმ პერიოდში და იმ დროში, რაც არის განკუთვნილი არჩევნებისთვის. ეს არის ძალიან სერიოზული გაფრთხილება!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.