მოქალაქის თქმით, “თბილისობის” ფეიერვერკის შედეგად ავლაბარში ავარიული სახლი ჩამოინგრა

თბილისში, ავლაბარში, ნიკო ლომოურის 8 ნომერში სახლი ჩამოინგრა სავარაუდოდ თბილისობის ღონისძიებაზე გაშვებული ფეიერვერკის შედეგად.
სახლის მაცხოვრებლის, ვიკა გასპაროვის თქმით, სახლი ისედაც ავარიული იყო და ფეიერვერკმა მისი დანგრევის პროცესი დააჩქარა.
“დაახლოებით ღამის ოთხ საათზე, საშინელმა ხმამ გაგვაღვიძა. ძველი სახლი, რომელიც ისედაც ინგრევა და ძლივს დგას, ისე დაინგრა რომ მესამე სართული მთლიანად ჩამონგრეულია. ჩვენ ამ სახლში აღარ ვცხოვრობთ, თუმცა ნივთებს ვინახავთ და მის ქვემოთ ეზოში ახალი პატარა სახლი გვაქვს აშენებული. ნანგრევები ჩვენს სახლს დაეცა. ასევე ნანგრევებშია მოყოლილი გაზის მილიც, გვეშინია არ აფეთქდეს”.
ვიკა ნგრევას 6 ოქტომბერს “საპატიო თბილისელის” ღონისძიებისას გაშვებულ ფეიერვერკს უკავშირებს. მისი თქმით, პრეზიდენტის ყოფილი სასახლე, სადაც ღონისძიება ტარდება და მის სახლთან ახლოს მდებარეობს.
როგორც ის გვიყვება, ბავშვები სახლიდან მაშინვე გამოიყვანეს და ახლაც ბებიასთან არიან. მათ ნგრევიდან რამდენიმე წუთში 112 გამოიძახეს, ასევე შეხვდნენ თბილისის მერიის გამგეობის წარმომადგენელს, რომელმაც მათ სასტუმროში გადაყვანა შესთავაზა.
ოჯახი სახლს ვერ ტოვებს, რადგან ბევრნი არიან და უამრავი ნივთი აქვთ. ვიკა გასპაროვის თქმით:
“სასტუმროში განუსაზღვრელი ვადით ვერ გადავალთ. ვერ გვეუბნებიან როდემდე მოგვიწევს გადასვლა, ამიტომ სხვა გამოსავალს ველოდებით”.
ნეტგაზეთს თბილისის მერიაში უთხრეს, რომ მათი წარმომადგენლები აღნიშნული ეზოს მაცხოვრებლებს უკვე შეხვდნენ და ქირით გაყვანა შესთავაზეს. უწყებაში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების პროცესი გრძელდება. მერიის ცნობით, აღნიშნული ეზო ავარიული მდგომარეობის გამო რამდენიმე ოჯახმა უკვე დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ