ჩემთვის სასაცილოა ახალი პირობის გაჩენა, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით დეკემბერში, როდესაც დეკემბერში პრეზიდენტს საპრეზიდენტო ვადა ისედაც ეწურება, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ეს დაპირება კიდევ ერთხელ აჩვენებს „ქართული ოცნების“ სისუსტეს და შიშს მათ მოსალოდნელ მარცხთან დაკავშირებით.
„ქართული ოცნება“, რომელიც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დროს ერთხელ უკვე დამარცხდა და თავად გავიდა საქართველოს კონსტიტუციიდან მაშინ, როდესაც კონსტიტუციის არამხოლოდ 78-ე მუხლი დაარღვია “რუსული კანონით”, რაც ნატოსა და ევროკავშირში წევრობას გულისხმობდა და ამაზე ღია პოზიციები მოვისმინეთ ორივე ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან, არამედ, მათ შორის, უარი თქვა დემოკრატიაზე და ავტორიტარიზმისკენ იბრუნა პირი. ამიტომ, ჩემთვის სასაცილოა ახალი პირობის გაჩენა, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით დეკემბერში, როდესაც დეკემბერში პრეზიდენტს საპრეზიდენტო ვადა ისედაც ეწურება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს სისუსტეს და შიშს მათ მოსალოდნელ მარცხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ იწყებს.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კვლავ უცხოეთში უნებართვო ვიზიტებია.
მისი თქმით, ახალი კონსტიტუციური წარდგინება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება.