ლიბანის ოფიციალური მედია იტყობინება, რომ სამხრეთ ბეირუთზე ისრაელმა კვლავ მიიტანა იერიში მალევე მას მერე, რაც ისრაელის არმიამ მოუწოდა მოსახლეობას დაეტოვებინათ არეალები, სადაც ჰეზბოლა იყო გამაგრებული და რომელიც არაერთხელ დაიბომბა. “მტრის თვითმფრინავებმა ორი დარტყმა განახორციელეს სამხრეთ გარეუბნებზე: პირველი წმინდა ტერეზას რაიონზე და მეორე ბურჯ ალ-ბარაჯნეზე,” – იტყობინება ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო.
5 ოქტომბრის ღამით სამხრეთ გარეუბნებზე 30 თავდასხმა განხორციელდა. ჯანდაცვის უწყების თანახმად, შედეგად დაიღუპა 25 ადამიანი, ხოლო 96 დაშავდა.
ლიბანის დაჯგუფება ჰეზბოლა და ისრაელის უკვე თითქმის ერთი წელია საზღვრისპირა დარტყმებს ახორციელებენ ერთმანეთის წინააღმდეგ, რაც ღაზაში ომის შედეგად დაიწყო.
23 სექტემბრის შემდეგ ისრაელი დამანგრეველ დარტყმებს აყენებს ლიბანს, რის შედეგადაც 1110 ადამიანი დაიღუპა და მილიონზე მეტმა პირმა დატოვა საცხოვრებელი არეალი.
6 ოქტომბერს Reuters-ის სააგენტო იტყობინება, რომ ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უზენაესმა წარმომადგენელმა, ფილიპო გრანდიმ განაცხადა, რომ ლიბანზე საჰაერო თავდასხმები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევას წარმოადგენს, რადგან თავდასხმა ხდება სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, იხოცება მშვიდობიანი ადამიანები. ამის შესახებ გრანდიმ მედიას განუცხადა ბეირუთში.
გრანდიმ განაცხადა, რომ კონფლიქტის ყველა მხარემ და მათ, ვისაც გავლენა აქვს მათზე, უნდა შეწყვიტონ „ეს ხოცვა, რომელიც ხდება როგორც ღაზაში, ასევე ლიბანში“.
Reuters-ის თანახმად, გაეროს მისიამ ლიბანში (UNIFIL) გაავრცელა განცხადება, რომ ღრმად არის შეშფოთებული ისრაელის “ბოლოდროინდელი ქმედებების გამო ლიბანში მისიის პოზიციების მახლობლად.
ფორუმი