გადასახადების ზრდის გამო, საქართველოში 2 კაზინო და 6 სლოტ-კლუბ დაიხურა – გიორგი მამულაიშვილი

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი მამულაიშვილის ინფორმაციით, აზარტული თამაშების ინდუსტრიაში გამკაცრებული რეგულაციების გამო, წელს საქართველოში 2 კაზინო და 6 სლოტ-კლუბი დაიხურა.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა და იქვე დასძინა, რომ განსაკუთრებით ნეგატიურად იმოქმედა ონლაინკაზინოების მოგების გადასახადის მათი GGR-ის (მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობა) 15%-მდე გაზრდამ, რაც 2023 წელს 10%-ს შეადგენდა.
მისივე თქმით, მისივე ბევრმა კაზინომ შეამცირა თავისი აპარატების რაოდენობა, რაც გამოწვეული იყო ფიზიკური პირებისთვის მოგებულ თანხაზე 2%-იანი საშემოსავლო გადასახადის 5%-მდე გაზრდით.
„ბიზნესი 15%-იან გადასახადს კიდევ აიტანდა, თუმცა მომხმარებელი რომელიც ჩამოდის საქართველოში ამ სერვისების მისაღებად – ვგულისხმობ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ არ უნდათ მოგებული თანხიდან გადაიხადონ გადასახადი, რადგან ისინი ისედაც იბეგრებიან თავის სახელმწიფოში და არცერთი მომხმარებელი არ დაიწყებს ორმაგი დაბეგვრის რეჟიმებზე ცნობების ჩაბარებას. 2024 წლამდე მიწის ობიექტებზე ანუ ფიზიკურ კაზინოებს საერთოდ არ ჰქონდათ ასეთი გადასახადი, მაგრამ და სახელმწიფომ გადაწყვიტა სლოტ კლუბებზეც შემოეღო. რეალურად, ეს იწვევს იმას, რომ უცხოელი მომხმარებელი ნაკლებად ინტერესდება საქართველოთი, ვინაიდან დაბალი გადასახადები იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რითაც მეზობელი ქვეყნებისთვის შეგვეძლო კონკურენციის გაწევა, სხვა მხრივ – ავიაბილეთები, სასტუმროები, კვება საქართველოში საკმაოდ ძვირია“, – აღნიშნა გიორგი მამულაიშვილმა.
ამასთან, მიუხედავად გადასახადების ზრდისა, საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის უფროსი არ უარყოფს, რომ აზარტული თამაშების ინდუსტრიისთვის 2024 წლის ფინანსური მაჩვენებლები პოზიტიურია.
მისივე პროგნოზით, თუ ინდუსტრიამ შარშან სახელმწიფო ბიუჯეტში ჯამურად 700 მლნ ლარზე მეტი შეიტანა, წელს ეს მაჩვენებელი ბევრად მეტი იქნება, მაგრამ კონკრეტული რიცხვის დასახელებისგან თავი შეიკავა.
„რვა თვის სტატისტიკით საკმაოდ კარგი ზრდა არის, რაც გამოწვეულია კონკრეტულად იმით, რომ ჩვენმა ოპერატორებმა ახალი ტექნოლოგიების შემოღებით და სწორი მენეჯმენტით შეძლეს იმ მომხმარებლების ნდობა გამოეწვიათ, ვინც გადასახადების ზრდის და შეზღუდვების გამო, გადაწყვიტა, სერვისები უცხოურ ბაზრებზე მიეღო“, – აღნიშნა გიორგი მამულაიშვილმა.
საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციითვე, 2022 წელთან შედარებით ლეგალურ სათამაშო ბიზნესში მომხმარებლების რაოდენობა, დაახლოებით, 18%-ით არის შემცირებული, მაგრამ გიორგი მამულაიშვილი ირწმუნება, რომ მოქალაქეები, რომელთაც შეზღუდვა შეეხოთ, არალეგალურად თამაშობენ.
„თამაშს არავინ არ შეეშვება, მაგის ილუზია ნურავის ექნება… სახელმწიფომ უნდა გაითავისოს ის ფაქტი, რომ აზარტული თამაშები ლეგალური ბიზნესია“, – აცხადებს გიორგი მამულაიშვილი.
ცნობისთვის: აზარტული თამაშების სექტორი სალიცენზიო გადასახადების გარდა კიდევ რამდენიმე გადასახადს იხდის, ესენია ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადი, რასაც ისინი მოგებულ თანხაზე იხდიან. 2024 წლის 1 იანვრიდან ეს მოსაკრებელი 2%-დან 5%-მდე გაიზარდა, ხოლო ონლაინ-კაზინოების მოგების გადასახადი მათი GGR-ის (მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობა) 15%-მდე გაიზარდა, რაც 2023 წელს 10%-ს შეადგენდა. აღნიშნული გადასახადები დეტალიზებული სახით ბიუჯეტის ანგარიშში წარმოდგენილი არაა, შესაბამისად უცნობია რა მოცულობის მთლიანი გადასახადები შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტში აზარტული თამაშების სექტორიდან.
კაზინოებმა ბიუჯეტში ₾145 მილიონის სალიცენზიო მოსაკრებლები შეიტანეს, მატება 20%-ია