ცხინვალიდან უკანონოდ დაკავებული რამაზ ბეღელური გაათავისუფლეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ციხიდან გაათავისუფლეს სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრები რამაზ ბეღელური. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, 4 ოქტომბერს იგი ქართულ მხარეს ერგნეთის საგუშაგოსთან გადასცეს. “კაგებეს” ცნობით, რამაზ ბეღელური აპრილში ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. ივნისში მას სასამართლომ რვათვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
„4 ოქტომბერს სასჯელის ვადის ამოწურვის გამო ის გაათავისუფლეს და დადგენილი წესით, ქართულ მხარეს გადასცეს“, – წერია “კაგებეს” მიერ გავრცელებულ ცნობაში.
ადგილობრივი “კანონმდებლობის” მიხედვით, ოკუპირებულ ცხინვალში, მსჯავრდადებულებს ციხეში გატარებული ორი დღე სამ დღედ ეთვლებათ.
რამაზ ბეღელურის გათავისუფლება დაადასტურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც. უწყების ცნობით, რამაზ ბეღელურის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საკითხი განიხილებოდა როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრები, 40 წლის რამაზ ბეღელური, საოკუპაციო ძალების უკანონო პატიმრობაში მეხუთედ იყო. მისი ბოლო დაკავების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიმდინარე წლის 29 აპრილს გაავრცელა. ინფორმაციაში ეწერა, რომ ბეღელური ოკუპირებულ დისევთან დაიჭირეს. დაკავებულის დედა ნორა ბეღელური ამბობს, რომ შვილი სოფლის სასაფლაოზე ძმის საფლავის გასასუფთავებლად იყო და ამის შემდეგ დაიკარგა მისი კვალი. ცნობილია, რომ ბეღელურის ჯანმრთელობის მდგომარეობა წინა დაკავებების შემდეგ გაუარესდა, მას არაერთხელ სცემეს ცხინვალში.
2021 წლის აპრილში, ცხინვალში ორთვიანი პატიმრობიდან გათავისუფების შემდეგ რამაზ ბეღელურმა ჟურნალისტებს უამბო, რომ პირველი და მეორე დაკავებისას ავტომატის კონდახებით სცემეს, მესამე დაკავებისას აღარ უცემიათ, მაგრამ მეოთხედ უკვე რკინის გასაღებებით თავი გაუტეხეს. მას შემდეგ იგი პერიოდულად კარგავს გონებას.
სოფელი გუგუტიანთკარი ოკუპირებულ დისევს და ხელჩუას ესაზღვრება, გუგუტიანთკარის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ხაზი გადის და იქ მუდმივად პატრულირებენ „ეფესბეს“ ე.წ. მესაზღვრეები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს აკავებენ და ცხინვალში გადაჰყავთ. ცხინვალის ციხის პატიმრებს ხშირად არაადამიანურად და სასტიკად ეპყრობიან. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას იქიდან გამოსული მოქალაქეების ნაწილი ღიად ელაპარაკა, ნაწილი კი ამ ფაქტს მალავს.
ამჟამად ოკუპირებული ცხინვალის ციხესა და წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს 10 მოქალაქე რჩება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – თუ პრორუსული ხელისუფლება გადაწყვეტს, ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, მათთვის სერიოზული სუსხი წამოვა ქართველი ხალხისგან და დასავლეთისგან – ნებისმიერი კვლევა აჩვენებს მხოლოდ ერთს, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება

თინა ხიდაშელი – არჩევნებამდე 3 კვირაა დარჩენილი და ქვეყანაში არცერთი კრიტერიუმით არ არის არც სამართლიანი, არც თავისუფალი საარჩევნო გარემო – ხალხს თუ გაუჩნდა იმის რწმენა, რომ არჩევნები მოპარეს, მას ვერაფერი გააჩერებს