საქართველოში საფრანგეთის საელჩო ელისეის სასახლეში სალომე ზურაბიშვილისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, საფრანგეთის პრეზიდენტმა „აღნიშნა ნეგატიური მოვლენები, რომლებიც ამ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში მოხდა. კერძოდ, მან სინანული გამოთქვა იმ კანონების მიღების გამო, რომლებმაც ქვეყანას ევროპული ტრაექტორიიდან გადაახვევინეს და გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება გამოიწვიეს“.
რაც შეეხება 26 ოქტომბრის არჩევნებს, საელჩოს ცნობით, ემანუელ მაკრონმა იმედი გამოთქვა, რომ ეს არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება და საქართველოს საშუალებას მისცემს, ევროპულ გზას დაუბრუნდეს.
„რესპუბლიკის პრეზიდენტი უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს მიესალმა, რის გამოც ევროკავშირმა 2023 წლის დეკემბერში, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. მიუხედავად ამისა, მან აღნიშნა ნეგატიური მოვლენები, რომლებიც ამ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში მოხდა. კერძოდ, მან სინანული გამოთქვა იმ კანონების მიღების გამო, რომლებმაც ქვეყანას ევროპული ტრაექტორიიდან გადაახვევინეს და გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება გამოიწვიეს, როგორც ეს ევროპულმა საბჭომ გასულ ივნისში დაადასტურა.
რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, იმ პირობებს დააკვირდება ყურადღებით, რომლებშიც საარჩევნო კამპანია და 2024 წლის 26 ოქტომბრის საკანონმდებლო არჩევნები ჩატარდება. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება და საქართველოს საშუალებას მისცემს, ევროპულ გზას დაუბრუნდეს.
რესპუბლიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.