ორგანიზაცია უფლებები საქართველო: სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა

არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებები საქართველოს განცხადებით, თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ორგანიზაციის იურისტები სადიგოვს სპეციალური პენიტენციური სამსახურის #8 დაწესებულებაში 2-3 ოქტომბერს შეხვდნენ.
იურისტების შეფასებით, სადიგოვს საუბარი, გადაადგილება და კონცენტრაცია უჭირს.
“უფლებები საქართველომ უკვე მიმართა სასჯელაღსრულების დაწესებულებას, აფგან სადიგოვი გადაიყვანონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, რათა თავიდან იქნას აცილებული ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება. საქართველოს სახალხო დამცველი ინფორმირებულია აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.
აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა საპატიმროში შიმშილობა 21 სექტემბერს პროტესტის ნიშნად დაიწყო, მიზეზი კი, 16 სექტემბრის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც, სადიგოვს საქართველოში საერთაშორისო დაცვაზე უარი განუცხადეს.
ჟურნალისტი 3 აგვისტოს თბილისში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრობლებმა დააკავეს და გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.