ანტიკორუფციული ბიურო აუქმებს გადაწყვეტილებას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და მისი ხელმძღვანელის „განცხადებულ პოლიტიკურ სუბიექტად გამოცხადებას“ ეხება. ამის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა.
„არავის არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ეჭვქვეშ დააყენოს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევნებში დაფიქსირებული შედეგები, აღნიშნულიდან და ქვეყნის ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებლად მივიჩნევ გამოვიყენო დისკრეცია და გამჭვირვალობა საქართველოს და ეკა გიგაურს გავუუქმო ყველა ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ორგანიზაციას და ეკა გიგაურს დაევალათ გამჭვირვალე გაეხადათ პოლიტიკურ პროცესებში გაწეული დანახარჯები და გაეცნოთ საზოგადოებისთვის“, – თქვა რაჟდენ კუპრაშვილმა.
ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება. პრემიერი მიზანშეწონილად მიიჩნევდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა“ და სხვა ორგანიზაციებს მოხსნოდათ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მინიჭებული „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის“ სტატუსი.
24 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, რომელიც ბოლო წლებია აკვირდება საარჩევნო პროცესს, „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ მიიჩნია. ორგანიზაციაში აცხადებდნენ, რომ ამ მიზეზით ვეღარ დააკვირდებოდნენ მომდევნო, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ღრმა შეშფოთება გამოხატა ანტიკორუფციული ბიუროს 24 სექტემბრის გადაწყვეტილების გამო.
„ეს, როგორც ჩანს, ადასტურებს ასამბლეის მიერ ბოლო რეზოლუციაში გამოთქმულ შეშფოთებას იმის შესახებ, რომ სამოქალაქო საზოგადოების პატივსაცემმა ორგანიზაციებმა, რომლებსაც არჩევნებზე დაკვირვების ხანგრძლივი და მრავალმხრივი გამოცდილება აქვთ, შესაძლოა ვეღარ შეძლონ არჩევნებზე დაკვირვება. ეს მიუღებელია და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესის დემოკრატიულობასთან დაკავშირებით“, – აცხადებდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს საკითხებზე, კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა, ასევე საქართველოში არჩევნების სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელი იულიან ბულაი.