2023 წლის მდგომარეობით, საქართველოში გარდაცვალების მიზეზებს შორის სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები (40%) და სიმსივნეები (11.6%) დომინირებს. ამის შესახებ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ბუნებრივი მოძრაობის სტატისტიკის 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
გარდაცვლილთა რაოდენობის პროცენტული განაწილება გარდაცვალების მიზეზების ძირითადი კლასების მიხედვით განსხვავებულია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის:
⏺ 5 წლამდე ასაკში გარდაცვალების 3 ძირითად მიზეზს წარმოადგენს პერინატალურ პერიოდში განვითარებული ზოგიერთი მდგომარეობა, თანდაყოლილი ანომალიები, დეფორმაციები და ქრომოსომული დარღვევები და უბედური შემთხვევები.
⏺ 5-14 წლის ასაკში გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს უბედური შემთხვევები, ნერვული სისტემის და გრძნობის ორგანოების სხვა ავადმყოფობები და ავთვისებიანი სიმსივნეები.
⏺ 2022 წელს 15-69 წლის ასაკში გარდაცვალების მიზეზებში ჭარბობს ავთვისებიანი სიმსივნეები და ცერებროვასკულური ავადმყოფობები ორივე სქესისთვის. ასევე, კაცებს შორის დიდ წილს იკავებს გულის იშემიური ავადმყოფობები (9.7 პროცენტი), ხოლო ქალებს შორის – ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (7.1 პროცენტი). 70 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში, როგორც მოსალოდნელია, ჭარბობს გულის და სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები.
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ანდრია ურუშაძის აზრით, ამის მიზეზი ჯანდაცვის პირველადი რგოლის არაეფექტიანი მუშაობაა.
,,სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებს რაც შეეხება, ეს ჩვეულებრივად, სამწუხაროდ, ერთ-ერთი წამყვანი სიკვდილის მიზეზია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, ყველა ქვეყანაში. ჩვენთან დაახლოებით იგივე მაჩვენებელია, რაც ევროკავშირის ქვეყნებში.
ადრეული გამოვლენა, დროული მიმართვა, პროფილაქტიკური ღონისძიებები მათ შორის მედიკამენტოზური მკურნალობის დაწყება, საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ეს პრობლემა. გარდა ამისა, მთავარი მიზეზი ის კი არაა მხოლოდ, რომ გული ცუდად მუშაობს, ჩვენთან ნაკლები ყურადღება ექცევა ცხოვრების ჯანსაღ წესს- მაღალი წონა, ცხიმიანი, მარილიანი საკვები. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, თამბაქოს მოხმარება. ჩვენთან ყოველი მესამე სიგარეტის მომხმარებელია, ყველაფერი ეს კი გავლენას ახდენს გულის მუშაობაზე. ამ პრობლემასთან საბრძოლველად კომპლექსური მიდგომაა საჭირო და სამწუხაროდ, ეს გვაკლია“,- თქვა ანდრია ურუშაძემ.
15-69 წლის ასაკში გარდაცვალების მიზეზებში ჭარბობს ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (7.1 პროცენტი)., თუმცა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე სამყაროში კორონა ვირუსის რაიმე ახალი შტამი, რომელიც ინფიცირებისა და სიკვდილიანობის რისკებს გაზრდიდა, არ არსებობს.
,,კოვიდით გარდაცვალებულთა სტატისტიკას, კვლევა სჭირდება. იმედია, ეს დაგვიანებული მიმართვით არაა გამოწვეული. ვერ ვიტყვით, რომ რაღაც ახალი შტამი გამოჩნდა, რომელიც სიკვდილიანობას მნიშვნელოვნად ზრდის. შეიძლება, მიზეზი ისაა, რომ მოქალაქეებმა სიფრთხილე მოადუნეს და გვიან მიმართავენ ექიმს“,- ამბობს ანდრია ურუშაძე.
ქრისტინა კვაჭანტირაძე
