დღეს, სერია A-ს მეექვსე ტურში „ნაპოლი“ „მონცას“ უმასპინძლებს, რომელიც ბოლოსწინა ადგილზეა, ჯერ მიმდინარე ჩემპიონატზე არცერთი მატჩი არ მოუგია, თუმცა სტუმრად მარცხი არ განუცდია.
ანტონიო კონტეს გუნდი კი ამ სეზონში წარმატებულად ასპარეზობს და მიუხედავად იმისა, რომ თასზე „პალეროსთან“ შეხვედრაში სათადარიგოებმა თავი კარგად წარმოაჩინეს, მაინც ძირითად შემადგენლობას დააყენებს სასტარტოში.
Il Mattino წერს, რომ კონტეს კადრების მხრივ კარგი არჩევანი გააჩნია, ყველა ფეხბურთელის შესაძლებლობებს სწავლობს, იცის როგორ მართოს ისინი, რეზერვი როგორ გამოიყენოს, როდის მიმართოს როტაციას, მაგრამ რევოლუციური ცვლილებების მომხრე არ არის.
ნეაპოლური გამოცემების ცნობით,
დღევანდელ დაპირისპირებაში კონტეს გუნდი მოედანზე შემდეგი შემადგენლობით გავა: კაპრილე, დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო, ოლივეირა, ლობოტკა, პოლიტანო, ანგისა, მაკტომინეი, კვარაცხელია, ლუკაკუ.
თამაში „დიეგო მარადონაზე“ თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.