მარიამ ქვრივიშვილმა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა

მარიამ ქვრივიშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია BM.GE-ს ეკონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს.
„კანონით დადგენილ ვადებში მარიამ ქვრივიშვილმა თანამდებობა დატოვა“, – უპასუხეს უწყებაში რედაქციას კითხვის საპასუხოდ – დატოვა თუ არა მინისტრის მოადგილემ პოსტი, ვინაიდან მარიამ ქვრივიშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულში მეთორმეტე ადგილს იკავებს.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ რიგი თანამდებობის პირები. მათ შორის, მინისტრები (გარდა პრემიერისა) და მინისტრის მოადგილეები.
თანამდებობებიდან გადადგომისა და განთავისუფლების შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. წინააღმდეგ შემთხვევაში პირს უარი ეთქმება საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე, ხოლო თუ რეგისტრაცია განხორციელდა − რეგისტრაცია უქმდება.
მარიამ ქვრივიშვილის სამუშაო გამოცდილება:
მარიამ ქვრივიშვილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის პოსტს ის 2021 წლის მაისიდან იკავებდა. მას ტურიზმისა და ავიაციის მიმართულება ებარა.
ეკონომიკის სამინისტროში ქვრივიშვილი X მოწვევის პარლამენტის წევრის პოზიციიდან მივიდა, სადაც 2020 წლის არჩევნებში შემდეგ 2021 წლის მაისამდე იყო. მანამდე კი 2019 წლის თებერვლიდან 2020 წლის სექტემბერამდე პერიოდში ის ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებას საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის ხელმძღვანელობდა.
2014 წლის სექტემბრიდან 2019 თებერვალამდე იყო ტუროპერატორი კომპანიის „ვოიაჟერი“გენერალური დირექტორი / ავიაკომპანიის flydubai რეგიონალური მენეჯერი საქართველოში.
2012 წლის თებერვალიდან 2014 სექტემბერამდე კი სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ადგილს იკავებდა.
მანამდე 2010 წლიდან 2012 იანვარამდე მარიამ ქვრივიშვილი კერძო სექტორში, კერძოდ კი „აჭარა ჯგუფში“ ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა.

ასევე დაგაინტერესებთ