წელს სებ-მა Bmatch პლატფორმის გამოყენებით 329 მილიონი დოლარი შეისყიდა და 51.1 მილიონი დოლარი გაყიდა

2024 წლის აგვისტოში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმის მეშვეობით 41 მილიონი დოლარი შეისყიდა – ამის შესახებ სებ-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი.
მთლიანობაში 2024 წელს სებ-მა Bmatch პლატფორმის გამოყენებით 329 მილიონი დოლარი შეისყიდა და 51.1 მილიონი დოლარი გაყიდა. თუმცა, წელს სებ-მა სავალუტო აუქციონების მეშვეობით 168.8 მილიონი დოლარი გაყიდა, შესაბამისად, სებ-ის მიერ განხორციელებული ჯამური გაყიდვები 219.9 მილიონი დოლარი იყო, შესაბამისად წელს სებ-მა იმაზე მეტი თანხა შეისყიდა, ვიდრე გაყიდა.
2024 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა 4.83 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 597 მილიონი დოლარით, ანუ 11%-ით ნაკლებია, რაც ძირითადად საქართველოს მიერ საგარეო ვალების მომსახურებას უკავშირდება, რადგანაც სახელმწიფო საგარეო ვალების მომსახურებისთვის სწორედ სავალუტო რეზერვებს იყენებს.
Bmatch პლატფორმით განხორციელებული ოპერაციების შესახებ დღეს კომენტარი გააკეთა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ გზით განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია დამალული არ არის და ის სებ-ის მიერ ქვეყნდება.
“ეროვნული ბანკის რეზერვების შესახებ ინფორმაცია არის გამჭვირვალე, ამიტომ საზოგადოებას სრული ინფორმაცია ეძლევა. ეროვნული ბანკი წლის განმავლობაში როგორც ყიდის სავალუტო რეზერვებს, ასევე ყიდულობს, ეს არის ბუნებრივი პროცესი. ამ შემთხვევაშიც არაორდინალური არაფერია. ეროვნულ ბანკს მიმდინარე წელს სავალუტო რეზერვები უფრო მეტი აქვს შევსებული, ვიდრე აქვს დახარჯული. აქედან გამომდიინარე პოზიტიური ბალანსი გვაქვს. ასე რომ აქ საგანგაშო არაფერია,”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შეფასებით, საქართველო სავალუტო რეზერვების შესყიდვაზე უნდა ფოკუსირდეს, რადგანაც რეზერვების მოცულობა, რაც 4.6 მილიარდ დოლარს შეადგენს, ადეკვატურობის დონეს ჩამოსცდა.
წყარო: bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ