სექს წვეულებები, ტრეფიკინგისა და რეკეტის ბრალდება – რა ხდება შონ DIDDY კომბსის ირგვლივ

16 სექტემბერს, ნიუ-იორკში ამერიკული ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელი, პროდიუსერი და რეპერი შონ კომბსი (იგივე Puff Daddy, P.Diddy, Diddy, Diddy – Dirty Money) დააკავეს. მუსიკოსს სექს ტრეფიკინგი, პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობა და რეკეტი ედება ბრალად.
ადვოკატებმა რეპერის $50 მილიონის ოდენობის გირაოთი გამოყვანა სცადეს, თუმცა 18 სექტემბერს სასამართლომ შუამავლობა არ დააკმაყოფილა და კომბსი ბრუკლინის წინასწარი დაკავების ცენტრში გადაიყვანეს.
ვინ არის შონ კომბსი?
54 წლის შონ კომბსი მუსიკალური მაგნატი და 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჰიპ-ჰოპ პროდიუსერია. Puff Daddy თავისი მეგობრის და ჰიპ-ჰოპის ლეგენდის, Notorious B.I.G.-ის პროდიუსერი იყო. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს გრემის სამი პრემია, თანამშრომლობდა ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან მერაია ქერი, მერი ჯი ბლაიჯი, აშერი. მუსიკის გარდა ქმნიდა პროექტებს მოდის, ტელევიზიისა და ალკოჰოლის სფეროში.
რას სდებენ ბრალს Puff Daddy-ს?
პროკურატურის მტკიცებით, კომბსი თავის მუსიკალურ იმპერიას ქალების ექსპლუატაციისთვის, ე.წ. freak off წვეულებების (მრავალდღიანი სექსუალური ღონისძიება, დიდი ოდენობის ნარკოტიკების მოხმარებითა და რიგ შემთხვევაში სექსის იძულებით) ორგანიზებისთვის იყენებდა. სხვადასხვა ცნობებით საღამოები მოიცავდა რთულ სექსუალურ პერფორმანსებს, რომლებიც ზოგჯერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევით რჩებოდა.
გარდა ამისა, პროკურორების მტკიცებით რეპერი წვეულებებზე გადაღებული ვიდეოებს მანიპულაციისთვის და შანტაჟისთვის იყენებდა. 14-გვერდიანი ფედერალური ბრალდების თანახმად, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩართულები იყვნენ Diddy-ს ბიზნესის წარმომადგენლები, დაცვის წევრები, პირადი ასისტენტები და სხვა ადამიანები. აღნიშნულია, რომ რეპერი და მისი თანამზრახველები 16 წლის განმავლობაში არღვევდნენ კანონს.
Freak Off წვეულებები
Freak off წვეულებებს კომბსის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში ცენტრალურ ადგილი უკავია. სასამართლოს მასალების თანახმად, ეს ღონისძიებები წინასწარ დეტალურად იგეგმებოდა და ორგანიზებაში ათობით რეპერის კომპანიის თანამშრომლები იყო ჩართული. წვეულების დასრულების შემდეგ P.Diddy-ს პერსონალი დანაშაულის კვალს აქრობდა: სასტუმროს ოთახების დალაგება, როგორც ფიზიკური, ისე მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
პროკურატურა აღნიშნავს, რომ წვეულებების მონაწილე ქალებს ხშირად სექსს აძალებდნენ.
Puff Daddy წვეულებების მეფის ტიტულს ატარებდა. მის ღონისძიებებზე მოხვედრას ცდილობდა ყველა. მუსიკალური ბიზნესისა და ჰოლივუდის წარმომადგენლები, რომლებიც ახლა პროდიუსერთან დისტანცირებას ცდილობენ, წვეულებების ხშირი სტუმრები იყვნენ. მათ შორის ისეთი ვარსკვლავებიც კი, როგორებიც არიან ლეონარდო დიკაპრიო, ჯეი ზი, ბიონსე, მერაია ქერი, ჯენიფრ ლოპესი, მეგან ფოქსი, კელი ოზბორნი, ჯასტინ ბიბერი.
ამ ეტაპზე არ არის ინფორმაცია, იმის შესახებ, ხდებოდა თუ არა სექსუალური ძალადობა სხვა ვარსკვლავების თანდასწრებით.
სკანდალები დაპატიმრებამდე
კომბსის პრობლემები 2023 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც მის წინააღმდეგ რამდენიმე ქალმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. რეპერს ძალადობასა და ექსპლუატაციაში სდებდნენ ბრალს. მომჩივანთა შორის იყო Diddy-ს ყოფილი მეგობარი ქალი კესი ვენტურა, მაგრამ ადვოკატებმა საქმე მალევე დაარეგულირეს, საჩივრის შეტანიდან მეორე დღეს მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. თუმცა ვენტურას საქმე ამით არ დასრულებულა.
ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე ქალმა კომბსი სექს-ტრეფიკინგსა და ჯგუფურ გაუპატიურებაში დაადანაშაულა. ჰიპ-ჰოპ მაგნატმა ბრალდებებს სოციალურ ქსელებში უპასუხა, მან ყველა ბრალდება უარყო და მომჩივან ქალებს ფულის გამოძალვის მცდელობა დააბრალა.
2024 წლის ლოს-ანჯელესის პოლიციამ P.Diddy-ს სახლი გაჩხრიკა. სამართალდამცავებმა ნარკოტიკები და ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს, რომელსაც სერიული ნომრები ჰქონდა წაშლილი.
2024 წლის მაისში კომბსი ისევ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ქსელში 2016 წლის ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც პროდიუსერი იმ დროინდელ მეგობარ ქალს, კესი ვენტურას ფიზიკურად უსწორდება. დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, ვიდეო სწორედ Freak off წვეულების შემდეგ არის გადაღებული. რეპერმა ვიდეოსთვის ბოდიში მოიხადა და მას მიუღებელი უწოდა.
საზოგადოების რეაქცია
2023 წლის 24 ნოემბერს მაღაზიათა ქსელმა Macy’s-მა როგორც მაღაზიებში, ისე ონლაინ შეწყვიტა კომბსის ტანსაცმლის ფირმის, Sean John-ის პროდუქციის გაყიდვა. 4 დღის შემდეგ Diddy-მ მუსიკალური საკაბელო არხის, Revolt TV-ის სამეთვალყურეო საბჭო დატოვა.
სტრიმინგის სერვისმა Hulu კომბსთან და მის ოჯახთან დაგეგმილი რეალითი შოუს გადაღებები შეაჩერა. 2023 წლის დეკემბერში გრემის დაჯილდოების ორგანიზატორებმა რეპერი ცერემონიაზე არ დაპატიჟეს, მიუხედავად იმისა, რომ კომბსის ალბომი ერთ-ერთ კატეგორიაში იყო ნომინირებული.
2024 წლის აპრილში კომბსის ონლაინ რადიოს მოსმენები თითქმის 50%-ით შემცირდა. ფიტნეს კლუბების ქსელმა Peloton Interactive-მა სავარჯიშო დარბაზების მუსიკალური გაფორმებიდან ამოიღო P.Diddy-ს რეპერტუარი. რამდენიმე რადიომ ეთერიდან ამოიღო კომბსის მუსიკა.
2024 წლის 7 ივნისს, ჰოვარდის უნივერსიტეტმა მუსიკალურ პროდიუსერს საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვა. გარდა ამისა, სასწავლო დაწესებულებამ კომბს $1 მილიონის ოდენობის შემოწირულება დაუბრუნა. 9 დღის შემდეგ ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა რეპერს 2023 წელს გადაცემული ქალაქის გასაღები (სიმბოლური გასაღები, რომელსაც საპატიო მოქალაქეებს გადასცემენ) ჩამოართვა.
კომბსი ყველა ბრალდებას უარყოფს. ფედერალური სასამართლო Diddy-ს საქმეს უახლოეს თვეებში განიხილავს. პროკურატურის თქმით, ფოტო და ვიდეო სამხილები რაოდენობიდან გამომდინარე, პროცესი ხანგრძლივი იქნება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რეპერს მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება.
წყარო: NY Times, BBC, Sky News, Instagram ტაბულა