ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიეცა – უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
როგორც ილიაუნის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ავტორიზაციის ექსპერტთა უმაღლესი შეფასებების შეცვლა და უნივერსიტეტისთვის ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიცემა მათთვის მიუღებელია.
„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა ქართველი და უცხოელი ექსპერტების შემადგენლობით შეაფასა 2024 წლის ივნისში. ექსპერტთა დასკვნით, ილიას უნივერსიტეტმა უკლებლივ ყველა სტანდარტის მიხედვით უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა. გუშინ ჩატარდა ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, რომელმაც ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტებების გარეშე შეცვალა ავტორიზაციის ექსპერტთა უმაღლესი შეფასებები და ამის საფუძველზე უნივერსიტეტს მიანიჭა ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით. ჩვენ პრინციპულად არ ვეთანხმებით საბჭოს ამ გადაწყვეტილებას და, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ სააპელაციო კომისიაში, როგორც კი ოფიციალურად გამოგვიგზავნიან საბჭოს ოქმსა და გადაწყვეტილებას. ოქმისა და გადაწყვეტილების ოფიციალურად წარმოდგენისთვის საბჭოს 10 სამუშაო დღე აქვს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.