ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებლის, გიორგი მელაშვილის განცხადებით, იმ დინამიკის გათვალისწინებით, რაც ბოლო პერიოდში საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში არსებობს, ლოგიკურია, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს აშშ-ის მთავრობიდან არავინ შეხვდა და ჯო ბაიდენის ტრადიციულ მიღებაზე მიწვევაც გაუუქმეს.
როგორც გიორგი მელაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, ამ გადაწყვეტილებით ამერიკულმა მხარემ ირაკლი კობახიძეს უთხრა, რომ ის აშშ-ში საპატიო სტუმარი არაა.
„ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ისტორიაში ეს არის ყველაზე დაბალი მომენტი, რომელიც აქამდე გვქონია ჩვენს დიპლომატიურ ურთიერთობებში. მიღებაზე მოწვევის გაუქმება არის პირდაპირი და ძალიან კონკრეტული გზავნილი როგორც დიპლომატიურ ენაზე, ასევე პოლიტიკაში გარკვეული ნებისმიერი ადამიანისთვის. ეს არის ინდიკატორი იმისა, რომ ბატონი კობახიძე არ არის სტუმრის სტატუსში და ის არის ჩასული გაეროს ასამბლეაზე, სადაც უამრავი სხვადასხვა ავტორიტარი და დიქტატორი ჩასულა, მაგრამ ის არ არის აშშ-ის საპატიო სტუმარი. ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ისეთ სწრაფად ფუჭდება, რომ შესაძლებელია ეს უბრალოდ პროტოკოლური მოწვევა იყო, რადგან საქართველო მაინც აღიქმება როგორც აშშ-ს მოკავშირე სახელმწიფო და ეს მოწვევა შეიძლება გაგზავნილიყო ძველი ურთიერთობებიდან გამომდინარე. თუმცა პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ს ელჩის შეხვედრის შემდეგ, იმ არამეგობრული და პირდაპირ მტრული რიტორიკის შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ გააჟღერა, აუცილებელი გახდა ამ მოწვევის გაუქმება“, – განაცხადა გიორგი მელაშვილმა.
გიორგი მელაშვილის თქმით, ასეთი გადაწყვეტილებით ირაკლი კობახიძე იმ მსოფლიოს იმ ავტორიტარი ლიდერების რიგში აღმოჩნდა, რომლებიც ამერიკის მიმართ ღიად მტრულად არიან განწყობილები.
„ზოგადად, როდესაც ტარდება გაეროს გენერალური ასამბლეა, ამერიკის მოკავშირეებს ეპატიჟებიან ასეთი ტიპის პროტოკოლურ ღონისძიებებზე. ამ ღონისძიებებზე არ ეპატიჟებიან რუსეთს, ირანს და სხვა ქვეყნებს, რომლებიც აშშ-სადმი პირდაპირ მტრულად არიან განწყობილები. ოღონდ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული გზავნილი უფრო მეტად ეხება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და არა ქართულ სახელმწიფოს, ყოველ შემთხვევაში ჯერ, რადგან ყველას აქვს იმედი, რომ ოქტომბერში მოხერხდება ამ აბსოლუტურად გაუგებარი და გაუგონარი ურთიერთობების გამოსწორება“, – აცხადებს გიორგი მელაშვილის.
გიორგი მელაშვილის თქმით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ირაკლი კობახიძეს აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა სურდა, მმართველი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისთვის მოსალოდნელი სანქციების არიდებაა.
„ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არ არის საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა. ეს არის ერთი კონკრეტული ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის, დაცვა ყოველგვარი დისკომფორტისგან. იქამდე, სანამ საუბარი იყო სანქციებზე, რომელიც ეხებოდა „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირებს, როდესაც იყო ფინანსური სანქციები „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულ ძალოვნებთან, ეს ყველაფერი „ქართული ოცნებისთვის“ არ იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგან არ ეხებოდა პირადად ბიძინა ივანიშვილს. როგორც კი დაანონსდა შესაძლო სანქციები უკვე პირადად ივანიშვილის წინააღმდეგ, ამან, რა თქმა უნდა, გამოიწვია „ქართული ოცნების“ ავტორიტარული აპარატის ამოქმედება ერთი ბელადის გადასარჩენად. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც ირაკლი კობახიძეს სალივანთან შეხვედრა უნდოდა მხოლოდ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოეყვანა ამ სანქციებიდან ან რამენაირად არჩევნებამდე შეეწყვიტათ ის სასანქციო პროცედურები, რომლებიც უკვე ამოქმედებულია“, – განაცხადა გიორგი მელაშვილმა.
“ამერიკის ხმის” ინფორმაციით, შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ტრადიციულ მიღებაზე, სადაც მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს უმასპინძლებს, ირაკლი კობახიძის მიწვევა გაუქმებულია.
ტრადიციული მიღება დღეს, 25 სექტემბერს უნდა გაიმართოს ნიუ-იორკში.
“პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად, ასევე იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. მიწვევის გაუქმების შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმას“ ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირი და კიდევ ერთი წყარო კონგრესიდან უდასტურებს.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე. პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.
აღნიშნულ ფაქტტან დაკავშირებით “ამერიკის ხმასთან” საუბრისას, შეერთებული შტატების ადმინისტრაციის კიდევ ერთი მაღალი რანგის ოფიციალური პირი დასძენს, რომ „საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები და განცხადებები დემოკრატიისა და ქართველი ხალხის ნების მიმართ შოკის მომგვრელ უპატივცემულობაზე მიუთითებს“. თუმცა ამბობს, რომ არ ისაუბრებს ცალკეული დიპლომატიური დისკუსიების დეტალებზე”,- წერს “ამერიკის ხმა”.