ადვოკატის ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2008 წელს მიღებული გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გადასინჯა და ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე დაზარალებულად ცნო

ბიზნესმენ, ნოშრევან ნამორაძის ადვოკატის, რევაზ აჭარაძის განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2008 წელს მიღებული გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გადასინჯა და ნოშრევან ნამორაძე დაზარალებულად ცნო.
ამის შესახებ მან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, გადაწყვეტილების გადასინჯვის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.
მისივე თქმით, საქმე ეხება სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც ნამორაძეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა შენახვა/გასაღებაში ედებოდა ბრალი.
ადვოკატის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის გადახედვის პროცესში გამოვლინდა არაერთი სამართლებრივი დარღვევა, რის გამოც, გამამართლებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
„თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა გამამართლებელი განაჩენი ნოშრევან ნამორაძის მიმართ, რომელიც ეხება 2008 წლის გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ საქმეში იყო არაერთი არსებითი სამართლებრივი დარღვევა, რის გამოც უნდა გამოსულიყო გამამართლებელი გადაწყვეტილება. რაც შეეხება რატომ და როგორ მოხდა ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, საქართველოს პროკურატურამ შესაბამისი გამოძიება ჩაატარა, რომლითაც გადამოწმდა ყველა ის დეტალი, რაც საქმესთან შემხებლობაში იყო. დადგინდა ის მარტივი მოცემულობა, რომ არ არსებობდა რაიმე სახის ოპერატიული ინფორმაცია, რომ ნოშრევანი რაიმე სახის დანაშაულს ჩადიოდა. გამოძიება დაწყებული არც ყოფილა და ის ჩხრეკაც ასევე, კანონის უხეში დარღვევით ჩატარდა. შესაბამისად, პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება, რომელზეც დაზარალებულად არის ცნობილი ნოშრევანი. აღნიშნული ეხება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. რა შედეგს დააყენებს გამოძიება, ეს შემდეგი საკითხია. პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და განაჩენი გადაისინჯა. რაც შეეხება იმ ქმედებას, რაზეც გამამტყუნებელი განაჩენი გამოვიდა, ეს იყო ნარკოტიკული საშუალებების დიდი ოდენობით შეძენა შენახვა/გასაღების მიზნით. ეს გადაისინჯა და 2024 წელს გამოვიდა გამამართლებელი განაჩენი“, – განაცხადა ადვოკატმა, რევაზ აჭარაძემ.
ბრიფინგს ასევე ესწრებოდა, თავად ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე, რომელმაც ისაუბრა საქმის დაწყების და შემდგომ განვითარების დეტალებზე.
როგორც მან აღნიშნა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით „სამართლიანობა აღდგა“.
„ერთ-ერთი ოჯახი ვართ, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წლის სექტემბერში განაჩენი გამოუტანა. ჩვენს ოჯახზე, ოჯახი ბიზნესზე რეპრესიები განახორციელეს. იმ პერიოდში ჩვენი კომპანია კარგ წარმატებებს აღწევდა. თუმცა როგორც მოგეხსნებათ ძველი პერიოდიდან გამომდინარე, განსაკუთრებული, ძალიან მძიმე მიდგომა იყო ბიზნესმენების მიმართ. იყო რეპრესიები და არც მე აღმოვჩნდი გამონაკლისი. 2008 წელს იყო ბანდიტური, ყაჩაღების დაჯგუფება – სოდ-ი, რომელიც -ს დანაყოფი იყო. მისი ხელმძღვანელი კი – ერეკლე კოდუა. ეს ის ადამიანია, რომელმაც არაერთი ოჯახი გაამწარა და გააუბედურა. ერთ-ერთი ვიყავით ჩვენც. 2008 წელს მისი ყურადღების ობიექტი აღმოვჩნდი. როგორც სტანდარტულად ხდებოდა, განიზრახეს ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ გარკვეული რეპრესიები, რაც განახორციელეს კიდეც. თავად პერიოდი იყო ძალიან მძიმე. ზოგადად, კოდუების ოჯახი გამოირჩეოდა ბიზნესისადმი საკმაოდ მძიმე მიდგომით. მარტივი ხერხი ჰქონდათ: იმ ბიზნესმენების მიმართ, რომლებსაც ვერ იმორჩილებდნენ, ახორციელებდნენ წნეხს. ითხოვდნენ თანხას, ბიზნესის გადაფორმებას და სწორედ ერთ-ერთი ვიყავი მეც. თუმცა მინდა გითხრათ, რომ დღეს ვარ ბედნიერი და გამარჯვებული, თუმცა აქამდე მძიმე გზა გავიარე.
მინდა, ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ სოდ-ის მანქანის ხელმძღვანელები, სამმართველოს უფროსები, ჩემს ოპერაციაში მონაწილე რიგი თანამშრომლები იყვნენ, ყველა თავის ფეხით მიბრძანდა პროკურატურაში და სააპელაციოში, სადაც აღიარეს საკუთარი დანაშაული. ამის გამბედაობა ეყოთ და მოინანიეს. აღიარეს, რომ ეს იყო ერეკლე კოდუას და მისი დანაყოფის დავალება“,- აღნიშნა ნოშრევან ნამორაძემ.