სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს კონვერტით ტყვია გაუგზავნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკური მედია მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ კონვერტზე, რომელშიც ტყვია იყო, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მისამართი იყო მითითებული და მთავრობის ადმინისტრაციას დღეს გადაეცა“, – აცხადებს სლოვაკეთის მთავრობის პრესსამსახური.
მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა კონვერტში ტყვია დილით, ფოსტის შემოწმებისას იპოვეს.
სამართალდამცავებმა კონვერტის გამგზავნის ვინაობა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს.
შეგახსენებთ, 15 მაისს შეიარაღებულმა მამაკაცმა რობერტ ფიცოს 5-ჯერ ესროლა, როდესაც ის ქალაქ ჰენდლოვაში მხარდამჭერებს ხვდებოდა. მან მრავლობითი ჭრილობები მიიღო და ორი ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა.