“სახალხო დამცველი თავად დასაცავია”; “ჩემი შეურაცხყოფა მათი უფლებაა, მაგრამ…” – ომბუდსმენი შუქრუთელებს შეხვდა

შუქრუთელების შიმშილობის 24-ე დღეს, საქართველოს სახალხო დამცველი საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მაღაროელებთან პირველად მივიდა და აქციის მონაწილეების მოთხოვნები მოისმინა.
საქართველოს პარლამენტთან მყოფმა პირებმა ომბუდსმენის აპარატი უყურადღებობაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ ლევან იოსელიანთან საუბრის შემდეგ დემონსტრანტებს დარჩათ განცდა, რომ ამ ქვეყანაში სახალხო დამცველის უფლებები შეზღუდულია.
“ბატონ ლევან იოსელიანთან შეხვედრის შემდეგ, დამრჩა განცდა, რომ სახალხო დამცველის უფლებები ამ ქვეყანაში დაცული არ არის და შეზღუდულია მისი უფლებები. რა შინაარსიც გამოვიტანეთ მისი საუბრიდან იყო ის, რომ აბსოლუტურად არაფრის უფლება არ გააჩნია ადამიანს და ისე გამოუვიდა, რომ ჩვენ გვთხოვდა, რაღაცნაირად ჩვენ მოვახერხოთ მისი უფლებების დაცვა. აბსოლუტურად ვერაფერზე პასუხი ვერ გაგვცა”, – ამბობს პროტესტის მონაწილე.
რაც შეეხება თავად ლევან იოსელიანის პოზიციას, საქართველოს სახალხო დამცველი ჟურნალისტებთან საუბრის დროს აცხადებს, რომ ომბუდსმენის აპარატი დემონსტრანტებს მთელი თვის განმავლობაში საქმის მასალების წარდგენას სთხოვდა, თუმცა იოსელიანის განმარტებით, მაღაროელებს დოკუმენტაცია ამ დრომდე არ წარუდგენიათ.
თუ ვინმეს ამოცანა ჩემი შეურაცხყოფაა, ეს მათი უფლებაა, მაგრამ არ მგონია, რომ ამ სიტუაციაში ეს სწორი იყოს, მითუმეტეს იმ პირობებში, რომ მთელი თვის განმავლობაში ვთხოვდით, რომ წარმოედგინათ დოკუმენტაცია, საქმის მასალები, რომ დაგვეწყო ამ საქმის შესწავლა. დღემდე არაფერი წარმოდგენილი არ არის. მე ადამიანებს ვერ მოვატყუებ, მითუმეტეს მოშიმშილე ადამიანებს, და ვერ ვეტყვი, რომ მე იმ პრობლემას გადავუჭრი, რომელიც ამდენი წელია ვერ გადაიჭრა და საქმე ეხება იმ კომპენსაციებს, რომლის დავაც არის სასამართლოში. ესენი არ ეთანხმებიან კომპენსაციის რაოდენობას. გასაგებია, შეიძლება, სამართლიანადაც არ ეთანხმებიან, მაგრამ სახალხო დამცველი ამაში ვერ ჩაერევა, რადგან ჩვენ არ გაქვს ამის საშუალება, რომ ამაში ჩავერიოთ. ჩემი აზრით, არასწორია დამოკიდებულება, რომ სახალხო დამცველი მოვიდეს მოაგვაროს. ვერ მოვაგვარებთ იმ პრობლემას, რომლის მოგვარების ბერკეტიც ჩვენ არ გვაქვს”, – ამბობს ლევან იოსელიანი.
სახალხო დამცველს არ უთქვამს, რატომ არ მივიდა აქციის მონაწილეებთან აქამდე პირადად.
ცნობისთვის, შუქრუთელები უკვე 190 დღეზე მეტია უწყვეტი პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან და კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისგან” მათთვის მიყენებული ზიანის სამართლიან ანაზღაურებას ითხოვენ. უკვე 20 დღეზე მეტია რამდენიმე ადამიანი შიმშილობს, ხოლო 5 მათგანს პირი აქვს ამოკერილი.

ასევე დაგაინტერესებთ