ანტიკორუფციული ბიურო “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად” მიიჩნევს ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციებს

ანტიკორუფციული ბიურო “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად” მიიჩნევს ორ არასამთავრობო ორგანიზაციას: “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” და “აირჩიე ევროპას”. ბიურო ამ ორგანიზაციების დირექტორებს ავალდებულებს, ხუთი დღის ვადაში წარადგინონ ფინანსური ანგარიშები, ასევე “გახსნან და წარმოადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება მათ საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯებისთვის.”
ამ გადაწყვეტილების შესახებ ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა 24 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა. მან განმარტა, რომ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცხადების საფუძველი გახდა მათი შეხვედრები მოქალაქეებთან და საინფორმაციო კამპანიები, რომლებზეც ისინი მოქალაქეებს ევროპული არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებენ და, ანტიკორუფციული ბიუროს შეფასებით, ხელისუფლების საწინააღმდეგო და დისკრედიტაციის გამომწვევ განცხადებებს აკეთებენ.
“მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, როგორც უშუალოდ, ასევე კამპანია „ჩემი ხმა ევროკავშირის“ ფარგლებში, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას, ასევე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებებს”, – თქვა რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგზე.
ჟურნალისტების კითხვაზე, კონკრეტულად რომელი პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოქალაქეებს, მას მაგალითები არ მოუყვანია, თუმცა თქვა, რომ მის მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში დაინტერესებული პირი ადვილად დაინახავს კანონდარღვევის შემთხვევებს.
რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილებაში მოყვანილია საჯარო შეხვედრებსა და სატელევიზიო ეთერებში გაკეთებული განცხადებები, რომლებსაც ანტიკორუფციული ბიურო საარჩევნო მიზნის შესრულების ინსტრუმენტად მიიჩნევს.
“დღეს, ისე როგორც არასდროს, ევროპის კარი ღიაა საქართველოსთვის, თუმცა “ოცნების” ხელისუფლების ანტიდასავლური პოლიტიკა არა მარტო გვაშორებს სასურველ მიზანს, არამედ აქამდე მიღწეული ყველა ევროპული სიკეთის დაკარგვის გარდაუვალ საფრთხეს ქმნის”, – ეს არის ერთ-ერთი ვიდეორგოლის შინაარსი, რომელიც ბიუროს მაგალითად მოჰყავს.
სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპა“ 2024 წლის 11 ივლისს შეიქმნა, არის რეგისტრირებული ა(ა)იპი. ორგანიზაციის მიზანია, „დაიცვას საქართველოს ევროპული მომავალი“. მოძრაობის თანადამფუძნებლები არიან ხათუნა ლაგაზიძე (უსაფრთხოების ექსპერტი), ლელა ჯეჯელავა (თსუს პროფესორი, პოლიტიკის ანალიტიკოსი), გიორგი რუხაძე (ექსპერტი ევროპული პოლიტიკის საკითხებში), ლაშა ძებისაშვილი (“საქართველოს უნივერსიტეტის” პროფესორი) და ივა ჭყონია (ბიზნესმენი). მოძრაობა „აირჩიე ევროპა“ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანებს აერთიანებს.
რაჟდენ კუპრაშვილის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები არ დაემორჩილებიან მოთხოვნას და არ წარადგენენ ფინანსურ ანგარიშებს და ინფორმაციას დაფინანსების წყაროებისა და ხარჯების შესახებ, ბიურო კანონით მინიჭებულ უფლებას გამოიყენებს და სასამართლოს განჩინების საფუძველზე მიიღებს ამ ინფორმაციას.
“საქართველოს ხელისუფლების ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება მოკლებულია როგორც ფაქტობრივ, ისე იურიდიულ საფუძველს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და ეკა გიგაური დიახაც იყვნენ და კვლავაც რჩებიან საქართველოს ევროპული არჩევანის ერთგულნი და ამას აფიქსირებდნენ ყველა საჯარო განცხადებაში. ასეთი არჩევანი დაფიქსირებულია საქართველოს კონსტიტუციაში და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებს შეესაბამება. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში”, – ამ განცხადებით გამოეხმაურა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” რაჟდენ კუპრაშვილი გადაწყვეტილებას.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ისინი ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების ჩაბარებას დაელოდებიან და შემდეგ გადადგამენ სათანადო სამართლებრივ ნაბიჯებს. ეკა გიგაურის თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება არის მათი ორგანიზაციის საქმიანობით უკმაყოფილო ხელისუფლების პასუხი მათ კამპანიაზე.
ანტიკორუფციული ბიურო, როგორც დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, 2022 წლის 30 ნოემბერს შეიქმნა. ბიუროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის განსაზღვრა, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და გეგმის შესრულების მონიტორინგი. მაგალითად, მისი ერთ-ერთი ამოცანაა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის გამოვლენა და თავიდან აცილება.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაფართოებაზე, ასევე, ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელიც აუცილებელია რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად

ნათია მეზვრიშვილი – “ქართული ოცნება” ცდილობს, დასავლეთს გადააბრალოს არჩევნებში ჩარევა, რომ პოტენციური რუსული ჩარევის საფრთხეები გადაფაროს – მისი მიზანია, არ აღიაროს სადამკვირვებლო მისიების შეფასებები