ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გთავაზობთ ყოველთვიურ „შრომის ბიულეტენს“

ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გთავაზობთ ყოველთვიურ „შრომის ბიულეტენს“. აქ განიხილება ყველაზე აქტუალური საკითხები შრომის სამართლის სფეროში, აგრეთვე, – პასუხებია შემოსულ კითხვებზე.
№ 10, დეკემბერი 2023
სშკ-ის 2.1. მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამ ნორმიდან გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობის ის გენერალური პრინციპები, რაც ამ სამართლებრივ ურთიერთობას განასხვავებს ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისაგან. უპირველესად, ეს არის შრომითი ურთიერთობის სუბიექტები: დამსაქმებელი და დასაქმებული (სშკ-ის მე-3 მუხლი), ამასთან, დასაქმებული ყოველთვის ფიზიკური პირია; დასაქმებული ეწევა დაქვემდებარებულ საქმიანობას, ასრულებს დამსაქმებლის მითითებას სათანადო ანაზღაურების პირობით. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია სამუშაო პროცესი, რომელიც ორგანიზებულად წარიმართება დამსაქმებლის მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით (შრომითი ხელშეკრულება, შინაგანაწესი, საკანონმდებლო რეგულაცია და სხვა).
რაც შეეხება სხვა სახის მომსახურების ხელშეკრულებას, ის არ რეგულირდება შრომის ორგანული კანონით, მისთვის არ არის დამახასიათებელი შრომის ორგანიზაციული მოწესრიგება და დამსაქმებლის მონიტორინგი სამუშაოს შესრულების პროცესზე, რადგან მომსახურების სამართლებრივ ურთიერთობაში (რომელიც შესაძლოა ცალკეული ელემენტებით წააგავდეს შრომით ურთიერთობას), მომსახურების გამწევი შესაძლოა იყოს როგორც ფიზიკური, ისე- იურიდიული პირი, რომელიც, ცხადია, შესრულებული სამუშაოს სანაცვლო გასამრჯელოს იღებს, თუმცა, ამ შემთხვევაში იმ პირისათვის, ვის სასარგებლოდაც ხდება მომსახურების გაწევა, ხელშეკრულების საბოლოო მიზანია კონკრეტული შედეგის მიღება და არა იმ პროცესის ორგანიზაციული მოწესრიგება და მართვა, რომელიც მხოლოდ შრომით ურთიერთობას ახასიათებს (იხ. სუსგ-ები: N-313-2023, 6.10.2023წ; N ას-686-2022, 22.11.2022წ; N ას-752-2022 05.10.2022; N ას-1079-2020, 28.09.2021წ; N ას-934-2018, 05.06.2020წ.; N ას-203-203-2018, 27.02.2019; N ას-1377-1297-2017, 17.10.2018წ.)
1. სშკ-ის თანახმად, დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება გაიცემოდა დასაქმებულზე წელიწადში 10 კალენდარული დღის ოდენობით, თუ ის მუშაობდა ა) მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაოზე. ამიერიდან, დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება გაიცემა შემდეგ დასაქმებულზეც: 1.1. საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის, საგანგებო სიტუაციის ღონისძიებებში მონაწილეობისას მათი დასრულების შემდეგ ერთჯერადად − არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა; 1.2. სამშვიდობო ოპერაციაში როტაციის ვადის ამოწურვისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ − 30 კალენდარული დღე.
2. ზემოთ აღნიშნულ ორ შემთხვევაზე (რომლებიც ჩამოთვლილია 1.1. და 1.2.-ში) არ გავრცელდება სშკ-ის 32-ე მუხლის 1-ლი და მე-5 პუნქტები, კერძოდ, არ გავრცელდება შემდეგი დებულებები:
· დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის 11 თვის შემდეგ. მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულს შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც.
· თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებელს უფლება აქვს, დაადგინოს დასაქმებულთათვის წლის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებათა მიცემის რიგითობა.
3. სშკ-ის შრომითი ურთიერთობების შეჩერების საფუძვლებში (46.2 მუხლი) შევიდა ცვლილება და განისაზღვრა, რომ ამიერიდან „სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა“ არ იქნება შეჩერების საფუძველი. შეჩერების საფუძველი იქნება: წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევა.
4. ამიერიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დაუშვებელი იქნება: დასაქმებულის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში, არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში ან სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის გამო ან/და დასაქმებულის მიერ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ან სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში, გარდა შრომითი ხელშეკრულების 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ზ“, „თ“, „კ“ ან „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევისა.
ქარდავა ეკატერინე, მასწავლებელთა და ლექტორთა განსაზღვრულვადიანი ჯაჭვურად განგრძობადი და განახლებადი შრომითი ხელშეკრულებები (1999/70 დირექტივის გამოყენების მაგალითზე). ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლო პრაქტიკა და ქართული შრომის სამართალი, ავტორთა კოლექტივი, 2020, ასოციაცია „ევროპის დროით“, ფრიდრიხ ებერტის ფონდი, გვ. 82-135. https://library.fes.de/pdf-files/bueros/georgien/17031.pdf
მოგვწერეთ, გვკითხეთ
[email protected]
[email protected]

ასევე დაგაინტერესებთ