მივაღწიეთ საუკეთესო შედეგს და easyJet-ი ფრენებს საქართველოში ერთდროულად ევროპის სამი ქალაქიდან დაიწყებს – ირაკლი ქარქაშაძე

ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet 2025 წლის 31 მარტიდან პირდაპირ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან კვირაში ორ-ორი სიხშირით შეასრულებს.
მოლაპარაკების შესახებ და ავიაკომპანიის საქართველოში ოპერირების დეტალებზე ერთობლივ პრესკონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა და ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.
ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, თითქმის ორწლიანი ინტენსიური მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან წარმატებით დასრულდა და დღეს, შედეგი სახეზეა.
,,2023 წლის მონაცემებით easyJet-მა 83 მლნ მგზავრის გადაყვანა შეძლო. მათი წლიური შემოსავალი 10.9 მლრდ დოლარის ეკვივალენტი იყო. შესაბამისად ის არის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია. როგორც ავიაციაში ვამბობთ, მსგავს ავიაკომპანიებს შეუძლიათ ‘’to put you on the map”. შესაბამისად, ეს კიდევ ერთი აღიარებაა იმ განვითარებისა და სწორი პოლიტიკის, რომელიც საავიაციო ინდუსტრიას გააჩნია და ავიაკომპანია easyJet-ი უკვე 3 მიმართულებით იწყებს ფრენებს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ლონდონი წლების მანძილზე იყო ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება, სადაც პირდაპირი ფრენა არ გვქონდა. უმნიშვნელოვანესი იყო ჟენევის მიმართულება, რომელიც ევროპის შუაგული და პოლიტიკური ცენტრი გახლავთ და მილანი, რომელიც ერთ-ერთ საინტერესო ტურისტული მიმართულებაა,-“განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
მისი თქმით, რაც მთავარია, ფრენები მოგზაურებისთვის იქნება საკმაოდ ხელმისაწვდომი. ირაკლი ქარქაშაძემ იმედი გამოთქვა, რომ მგზავრთნაკადი და საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა დიდი ბრიტანეთიდან, შვეიცარიიდან და იტალიიდან სამომავლოდ მნიშვნელოვნად გაიზრდება.
,,დარწმუნებული ვარ, რომ easyJet-ის ოპერირება იქნება წარმატებული და ავიაკომპანია საქართველოს ბაზარზე მყარად მოიკიდებს ფეხს. ეს სამი მიმართულება იქნება მხოლოდ დასაწყისი ჩვენი თანამშრომლობის და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ მიმართულებას შევთავაზებთ ჩვენს მგზავრებს,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
ბრიტანული მულტინაციონალური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია ი easyJet მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი, მე-11 ავიაკომპანიაა. კომპანია 29 წლის წინ დაფუძნდა და დღეისათვის 35 ქვეყნის 1000-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს.
ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს