სომხეთის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ რუსული კვალის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა გამოააშკარავეს

სომხეთში რუსული კვალის მქონე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა გამოააშკარავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მათ “წინასწარი შეთქმულებით ძალაუფლების უზურპირების” მცდელობა გამოააშკარავეს, რომლის მონაწილეებიც მომზადებას რუსეთში გადიოდნენ.
მათი ცნობით, აღნიშნული პირები ძალაუფლების ძალით მოპოვებას აპირებდნენ, რისთვისაც თვეში 220 000 რუბლს იღებდნენ. მათ 2024 წლის განმავლობაში სომხეთის მოქალაქეებისა და მთიანი ყარაბაღის ყოფილი მცხოვრებლების რუსეთში “სამთვიანი შეკრებებისა” და “მძიმე შეიარაღების ახალ სახეობებთან გაცნობის” საბაბით რეკრუტირება მოახდინეს, რის შემდეგაც სომხეთში უნდა გაევლოთ საბრძოლო მოვალეობა.
რეკრუტირებული სომხები წვრთნებისთვის რუსეთში მდებარე სამხედრო ბაზაზე “არბატი” მიჰყავდათ, სადაც წვრთნებს გადიოდნენ “ ბრძოლაზე დახურულ სივრცეში, შენობაში, იარაღის უკვე ნაცნობი სახეობებით”.
“მეტიც, მათ შეატყობინეს, რომ წვრთნების მიზანია – სომხეთის რესპუბლიკაში დაბრუნება და მოქმედი ხელისუფლების ჩამოშორება, რითაც სომხეთის რესპუბლიკის გაწმენდისა და გადარჩენის მოწოდებები გააჟღერეს”, – ნათქვამია განცხადებაში.
აღინიშნება, რომ რეკრუტირებულთა ნაწილმა უარი განაცხადა სომხეთში ძალაუფლების უზურპირებაზე და სომხეთში დაბრუნდნენ.
“აღნიშნული ქმედების ჩადენისთვის აღძრულია სისხლის სამართლებრივი დევნა შვიდი ადამიანის წინააღმდეგ. სამი დაკავებულია, ოთხი ძებნაშია გამოცხადებული”, – აღნიშნავს სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური.
განცხადების თანახმად, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ჩართული პირების ნაწილი ჯერ არ არის გამოაშკარავებული და მათ დადგენაზე მუშაობა მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ