პაატა ზაქარეიშვილი – სანქციებით ამერიკას სურს გააქარწყლოს „ქართული ოცნების“ დემაგოგია და ცინიზმი, თითქოს ყველაფერი კარგადაა და მომავალში გადატვირთვა უკეთესობისკენ მოხდება – არა! აშშ მოქალაქეებს ეუბნება, რომ ეს არის ტყუილი

ამერიკა პრინციპულია თავის პოზიციებში. ის არ აპატიებს საქართველოს ფარისევლობას, როცა კონსტიტუციაში უწერია ნატო და ევროკავშირი, – ასე აფასებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ “საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში” მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესებას, ასევე, -ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის, იგივე “ხარებას” და მისი მოადგილის მილერი ლაგაზაურის, ასევე „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლების – კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძის დასანქცირებას.
როგორც პაატა ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, სანქციების დაწესებით, ამერიკას სურს გააქარწყლოს „ქართული ოცნების“ სრული დემაგოგია და ცინიზმი, თითქოს ყველაფერი კარგადაა, საქართველო მიდის ევროკავშირში და დასავლური ღირებულებებისკენ.
„ამერიკა ამომრჩეველს, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებს ეუბნება, რომ ტყუილია, როდესაც თქვენი პრემიერ-მინისტრი და მთელი გუნდი მუდმივად გაიძახის, თითქოს ყველაფერი კარგად არის და მომავალში გადატვირთვა უკეთესობისკენ მოხდება – არა! ამერიკა პრინციპულია თავის პოზიციებში, ის არ აპატიებს საქართველოს ფარისევლობას, როცა კონსტიტუციაში უწერია ნატო და ევროკავშირი, თითქოს მიდის ნატო და ევროკავშირისკენ და წინასაარჩევნო კამპანიის დროს აფრიალებს ევროკავშირის დროშებს, ეს არის ცინიზმი და ამომრჩევლებმა უნდა იცოდეთ ზუსტად, რომ თუ ამერიკამ კიდევ მეტად გაამკაცრა პოლიტიკა საქართველოს მიმართ, არ გაგიკვირდეთ და არ თქვათ, უი, არ ვიცოდი, თუ ეს ასე იყო. ანუ აქარწყლებენ „ქართული ოცნების“ ცინიზმს და ფარისევლობას და უნდათ, როგორმე დააჯარონ ქართველი ამომრჩეველი, რომ თუ აირჩევენ რუსეთს, მაშინ ამერიკას, ევროკავშირს აქ, არაფერი ესაქმება, მისი სახსრები და მხარდაჭერა გეოპოლიტიკური მიმართულებით, არაღიარების მიმართულებით ყველაფერი გაჩერდება და ამაზე შემდეგ პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს ქართველმა ამომრჩეველმა და არა, მაგალითად, გადაბრალებამ, თითქოს ამერიკამ მიატოვა, არა, ამერიკა საქართველოს არასდროს მიატოვებს, ვიდრე საქართველო არ მიატოვებს დასავლურ დემოკრატიულ ღირებულებებს. მათ არ სჭირდებათ ამერიკის და ევროკავშირის მიმართ ერთგულება, მათ სჭირდებათ კონსტიტუციით აღიარებული ღირებულებების ერთგულება და ფარისევლობასა და ტყუილს არავის პატიობენ“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისი თქმით, ამერიკა საქართველოს არ მიატოვებს, თუ აჩვენებს, რომ ქართველ ხალხს სურს დასავლეთი. ზაქარეიშვილის განმარტებით, არა „ქართული ოცნების“ განცხადებები და ქცევები, არამედ, საქართველოს მოქალაქეების მოქმედებები იქნება გადამწყვეტი არჩევნების დროს.
ცნობისთვის, აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა. კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება” და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე.
გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო შეზღუდვებს აწესებს საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ