აღმაშენებლის გამზირზე, სამართალდამცავთან ერთად დაჭრილი 38 წლის მამაკაცი კლინიკაშია მოთავსებული – ექიმის განცხადებით, მას გულ-მკერდის არეში, ბასრი იარაღით მიყენებული მრავლობითი დაზიანება აღენიშნება

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, სამართალდამცავთან ერთად დაჭრილი 38 წლის თეიმურაზ ანჯაფარიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.
როგორც კლინიკის ზოგადი ქირურგიული განყოფილების გამგემ, შალვა გიუაშვილმა განაცხადა, დაჭრილი მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მას ქირურგიული ჩარევა წუხელ ჩაუტარდა. მისივე განმარტებით, პაციენტი კონტაქტურია.
„გუშინ, საღამოს საათებში შემოიყვანეს 38 წლის მამაკაცი, მრავლობითი, ბასრი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გულ-მკერდის არეში, ქირურგიული დახმარება ჩაუტარდა. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია, ქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობს“, – განაცხადა გიუაშვილმა.
რაც შეეხება დაჭრილ სამართალდამცავს, ისიც ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული. თუ როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, აღნიშნულს „ინტერპრესნიუსი“ საავადმყოფოში არკვევს.
ცნობისთვის, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 39 წლის ნოდარ ვაშაკიძემ 38 წლის თეიმურაზ ანჯაფარიძეს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა. ვაშაკიძემ დანით დაზიანება მიაყენა გამოძახების შედეგად შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც.
ნოდარ ვაშაკიძე განზრახ მკვლელობის მცდელობის და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ვაშაკიძე-ანჯაფარიძეს შორის ურთიერთშელაპარაკება ბიზნესწილებს უკავშირდება.

ასევე დაგაინტერესებთ