კრისტალებეთ ეროვნულ ლიგაში 24-ე ტური დასრულდა. დღეს ორი მატჩი გაიმართა და ორივე ფრედ დასრულდა. ლიდერი “დილა” თბილისის “დინამოსთან” აგებდა და გაათანაბრა, აუტსაიდერმა “სამტრედიამ” კი იმერულ დერბიში “სამგურალთან” მოიპოვა ქულა.
დინამო თბ 1:1 დილა
გოლები ბოლო წუთებში გავიდა. ჯერ თბილისელებმა გაიტანეს, კერძოდ, გუნდის ავსტრიელმა დებიუტანტმა ნოსა ედოკპოლორმა ჩააწოდა და მცველმა ალექსანდრე კალანდაძემ დააწინაურა მასპინძლები. ეს კალანდაძის პირველი გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში…
88-ე წუთზე კი “დილამ” გაათანაბრა. იმავე ნოსა ედოკპოლორმა თამაშის წესები დაარღვია შოთა შეყილაძესთან ორთაბრძოლაში და პენალტი ტაირელ ვაუტერმა აქცია
გოლად – 1:1. ეს ვაუტერის მე-12 გოლია სეზონში, ბომბარდირთა დავაში მეორეზეა და ტორპედოელ ბიორ იონსენს ორი ბურთით ჩამორჩება.
“დილა” ლიდერია, თუმცა “იბერია 1999” და “ტორპედო” დაკარგული ქულების მხრივ უკვე გაუთანაბრდნენ. “დინამო თბილისს” რაც შეეხება, მეშვიდეზეა. გუნდმა ბოლო 11 შეხვედრაში მხოლოდ ორჯერ მოიგო.
და კიდევ, “დინამოში” დებიუტი ჰქონდა საქართველოს ნაკრების გამოცდილ მცველ სოლომონ კვერკველიას.
სამტრედია 2:2 სამგურალი
იმერული დერბი ფრედ დასრულდა. “სამტრედია” აუტსაიდერია და 7 ქულით ჩამორჩება მეცხრეადგილოსან “თელავს”, ხოლო “სამგურალი” მეხუთეზეა…
30-ე წუთზე “სამტრედია” დაწინაურდა, ხანგრძლივი შეტევა დავით უბილავას პასითა და ინიგო მარტინის ცარიელ კარში გატანილით დასრულდა – 1:0.
თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს “სამგურალმა” ორი გოლის გატანა მოახერხა, ორი წუთის ინტერვალში… ძმებმა, ლუკა და ნიკა ხორხელებმა გაიტანეს.
ლუკამ ჯერ თავისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა, მერე კი კონტრშეტევისას მეკარეს დაასწრო (შეჯახების ფასად) და იქვე გაჩნდა ნიკა ხორხელი, რომელმაც კარში გაგზავნა ბურთი – 1:2.
ნიკასთვის ეს პირველი გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, ის ისრაელიდან დაუბრუნდა “სამგურალს”. რაც შეეხება ლუკას, მას 8 გოლი მოუგროვდა, აქედან 5 კი ბოლო სამ ტურში გაიტანა…
“სამტრედიამ” ქულის მოპოვება მაინც შესძლო. გიორგი ქველაძის ჩაწოდებულს მოჰყვა ფრანსუა ეკონგოლოს ერთი შეხებით დარტყმა და 2:2. ისე, ინიგო მარტინმა და ეკონგოლომაც წლეულს სამტრედიელთა მაისურით სადებიუტო გოლი მიითვალეს.
erovnuliliga.ge