TikTok-ის მფლობელი ByteDance ამერიკელი კანონმდებლების წინაშე წარდგება

TikTok-ის მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance-ის იურისტები, -ის მთავრობასთან ერთად, ამერიკელი კანონმდებლების წინაშე ორშაბათს წარდგება. საქმე აშშ-ის სენატის მიერ მიღებულ კანონს ეხება, რომლის მოქმედების ფარგლებშიც ByteDance იძულებულია, პოპულარული სოციალური ქსელი ამერიკელ მფლობელს მიყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აპლიკაციას აშშ-ში დაბლოკვა ემუქრება.
სენატის მიერ კანონის მიღებიდან ერთ კვირაში, ByteDance-მა სარჩელი სასამართლოში შეიტანა – კომპანია ამტკიცებს, რომ კანონი ამერიკელთა კონსტიტუციურ უფლებას არღვევს.
“კანონი ანტიკონსტიტუციურია. TikTok-ის დაბლოკვა აშკარად არაკონსტიტუციურია”, – ნათქვამია სარჩელში და აღნიშნულია, რომ პლატფორმის გაყიდვა შეუძლებელია როგორც კომერციული თვალსაზრისით, ასევე ტექნოლოგიური და კანონიერი თვალსაზრისითაც. ByteDance-ის იურისტები ასევე აღნიშნავენ, რომ სოციალური ქსელის გაყიდვა განსაკუთრებით შეუძლებელია იმ 270-დღიან ვადაში, რაც სენატმა კომპანიას მისცა.
“კითხვები აღარ არსებობს: მიღებული კანონით TikTok 2025 წლის 19 იანვრიდან გაუქმდება და იმ ამერიკელებს გააჩუმებს, რომლებიც პლატფორმის საშუალებით კომუნიკაციის ისეთ გზას პოულობენ, სხვა პლატფორმაზე რომ ვერ განმეორდება”, – ნათქვამია სარჩელში.
აშშ-ის საკანონმდებლო ორგანომ TikTok-ის წინააღმდეგ კანონი 23 აპრილს მიიღო და ByteDance-ს 9 თვე მისცა პლატფორმის გასაყიდად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქვეყნის მასშტაბით აპლიკაცია გაუქმდება. სენატი ფიქრობს, რომ ByteDance TikTok-ის მომხმარებელთა პერსონალურ ინფორმაციას ჩინეთის მთავრობას აწვდის, რასაც კომპანია უარყოფს.
სოციალურ ქსელში, რომელსაც მომხმარებელი მოკლემეტრაჟიანი ვიდეოების განთავსებისთვის იყენებს, 170 მილიონი ამერიკელია რეგისტრირებული. Paw Research Centre-ის ინფორმაციით, ყოველი მესამე ზრდასრული ამერიკელი TikTok-ით სარგებლობს.
წყარო: bm.ge