საქართველოში 3 000-მდე მარანია დარეგისტრირებული – სამინისტრო

საქართველოში დარეგისტრირებულია 3000-მდე დიდი, საშუალო და მცირე მარანი. აქედან 500-მდე მწარმოებელი ღვინის ექსპორტს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„იმ ბაზრებზე, სადაც ვხედავთ, რომ ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს, მეტ საერთაშორისო გამოფენაში ვიღებთ მონაწილეობას. ბალტიისპირეთისა და პოლონეთის ბაზარი მზარდია, ქართულ ღვინოს ცნობადობა აქვს და პროცესები კარგად მიდის. ასევე აღსანიშნავია, რომ გერმანიაში გვაქვს ექსპორტის 40%-იანი ზრდა – წელს უკვე 1 მილიონ ბოთლზე მეტია გატანილი. მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ამერიკაშიც – ზრდის მაჩვენებელი 35%-მდეა“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ გუშინ „ძმები ხუციშვილების ღვინის მარანში“ სტუმრობისას.
მევენახე ფერმერების მიერ ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველი სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს. სუბსიდიის პროგრამა რქაწითლის ჯიშის ყურძნის გარდა, წელს პირველად გავრცელდება საფერავის ჯიშის ყურძენზეც.
„საფერავის ჯიშის ყურძნის ნაწილში სახელმწიფოს აქტიურ ჩართულობას ორი მიზეზი აქვს – ერთი უხვი მოსავალი და მეორე, კლიმატური პირობები, რომლის გამოც მევენახეები ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად ჩააბარონ ყურძენი. აქედან გამომდინარე, ყოველდღიურად მზარდია გადამუშავებული საფერავის რაოდენობა. მევენახეებს უნდა მივცეთ საშუალება, დროულად ჩააბარონ ყურძენი; სწორედ ამიტომ გაჩნდა საჭიროება, რომ სახელმწიფომ სხვადასხვა ლოკაციაზე მიიღოს ყურძენი და შესაბამისი თანხა გადაუხადოს მევენახეებს“, – განმარტავს ოთარ შამუგია.
სუბსიდია 20 ათასზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას, ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს
რთველი სხვადასხვა აქტიურობით კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ყოველდღიურად მოსავლის გადამუშავების პროცესში 80-მდე კომპანია და მარანია ჩართული. ამ ეტაპისთვის მოსავალი უკვე 6500-მდე მევენახე ფერმერმა დააბინავა.
2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ 300 ათას ტონას შეადგენს. რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ ეტაპზე დარეგისტრირებულია 420 ღვინის საწარმო, რომელთა ნაწილი უკვე ჩართულია ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში, ნაწილი მომდევნო დღეებში ჩაერთვება.
.