ისრაელში აცხადებენ, რომ „ჰამასს“ სხვა ქვეყნებშიც გაანადგურებენ

ისრაელი აპირებს, „ჰამასი“ გაანადგუროს არა მხოლოდ პალესტინელთა ტერიტორიებზე, არამედ სხვა ქვეყნებშიც. 3 დეკემბერს ს საზოგადოებრივმა ტელეარხმა Kan-მა აჩვენა შიდა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, რონენ ბარის ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ის საუბრობს ისრაელის მინისტრთა კაბინეტის მიერ განსაზღვრულ მიზანზე – „ჰამასის“ განადგურებაზე.
ჩანაწერზე დაყრდნობით, CNN-ი და BBC-ი წერენ, რომ რონენ ბარის განცხადებით, ეს მიზანი „მათი მიუნხენია“ და ამ მიზანს მისდევენ ყველგან – ღაზის სექტორში, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ლიბანში, თურქეთში, კატარსა და სხვაგან. ბარის განცხადებით, მიზნის მიღწევას რამდენიმე წელი დასჭირდება, მაგრამ ამ ამოცანას აუცილებლად შეასრულებენ.
რონენ ბარი მიუნხენში გულისხმობდა 1972 წელს, მიუნხენის ოლიმპიადის დროს, პალესტინელთა ექსტრემისტული დაჯგუფების, „შავი სექტემბრის“ წევრების მიერ ისრაელის ოლიმპიური ნაკრების 11 წარმომადგენლის მკვლელობას. ამ თავდასხმის შემდეგ ისრაელმა ჩაატარა ტერაქტის ყველა მონაწილის და ორგანიზატორის ლიკვიდაციის ოპერაცია, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარეობდა.
ისრაელის, -ის, ევროკავშირის სახელმწიფოების, დიდი ბრიტანეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ჰამასის“ ლიდერები ცხოვრობენ ან ხშირად ჩადიან ლიბანში, კატარსა და თურქეთში. „ჰამასის“ პოლიტიკური ფრთის დელეგაცია არაერთხელ იმყოფებოდა რუსეთშიც.
ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის სპეცსამსახურების სისტემაშია, პირადად პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება და მისი ძირითადი ფუნქციაა კონტრდაზვერვა და შიდა უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
· ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ, ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით გაიტაცეს.
· კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 15 000-ზე მეტი ადამიანი.
· ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
· „ჰამასი“ ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა დაპირისპირებულია პალესტინელთა ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომლის კონტროლქვეშაა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი. „ჰამასს“ მიზნად აქვს გამოცხადებული ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და პალესტინელთა ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს შექმნა.