რუსული კანონის მოწინააღმდეგე დიპლომატმა დისციპლინური სახდელი სასამართლოში გაასაჩივრა

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ალექსანდრე გოგოლაძის ინტერესების დაცვის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მის მიმართ დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის გაუქმებას, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებს ითხოვს.
საქმე ეხება სომხეთში საქართველოს საელჩოს პირველ მდივან ალექსანდრე გოგოლაძეს, რომელმაც 2024 წლის 1-ელ მაისს Facebook-ის პირად გვერდზე დაგმო რუსული კანონი და თქვა, რომ უერთდება პროტესტს რუსთაველზე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანახმად, ალექსანდრე გოგოლაძემ იმავე დღეს, 2024 წლის 1-ელ მაისს სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩთან წინასწარი შეთანხმებით, მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დაუყოვნებლივ დატოვა სომხეთი და საქართველოში გამოემგზავრა.
„პოსტის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ალექსანდრე გოგოლაძის მხრიდან სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ფაქტზე დაიწყო დისციპლინური წარმოება. სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ გოგოლაძემ მასთან შეთანხმებით დატოვა სომხეთის ტერიტორია, მან დაარღვია შვებულების მოთხოვნის წესი, ვინაიდან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით არ წარადგინა შესაბამისი განცხადება და დატოვა ადგილსამყოფელი ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ გოგოლაძემ წარმოების პროცესში სამინისტროში წარადგინა ინფორმაცია მამის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ და მიუთითა, რომ 2024 წლის 1-ელ მაისს მას სომხეთის რესპუბლიკაში საქართველო საელჩოში არ ჰქონდა წვდომა ინტერნეტზე და მხოლოდ ამიტომ ვერ შეძლო განცხადების წარდგენა, მინისტრის გადაწყვეტილებით, მას მაინც დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და გამოეცხადა საყვედური, რომელიც დისციპლინური პასუხისმგებლობის მძიმე და არათანაზომიერ სახდელს წარმოადგენს“, — აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შემდეგ, ცენტრის ცნობით, ალექსანდრე გოგოლაძე ყოველგვარი დავალების გარეშე საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით გამოიძახეს საქართველოში. დისციპლინური წარმოების პერიოდში, რომელიც გაგრძელდა 3 თვე, გოგოლაძეს შეუჩერდა უფლებამოსილება და გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურება. ამავდროულად, არ მომხდარა მისი სამშობლოში ოფიციალური გამოწვევა.
„მას ფაქტობრივად შეექმნა ადგილსამყოფელ ქვეყანაში გაუსაძლისი პირობები, რის გამოც იძულებული გახდა თავისი ფინანსური სახსრებით უკან დაბრუნებულიყო საქართველოში. საქმის გარემოებებისა და კონტექსტის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ გოგოლაძეს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების მხარდამჭერების მიმართ გამოხატული სოლიდარობის გამო, რაც წარმოადგენს დისკრიმინაციას განსხვავებული შეხედულების გამო“, — აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო.
შესაბამისად, ალექსანდრე გოგოლაძის ინტერესების გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით, რომლითაც ვითხოვთ ბათილად იქნეს ცნობილი მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, დადგინდეს დისკრიმინაციის ფაქტი და მოსარჩელეს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.