ირაკლი ნადირაძე – 26 ოქტომბერს ერთიანობით უნდა დავასრულოთ მარაზმი და წავიდეთ ევროპისკენ, სადაც იქნება თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი პოლიცია, პროკურატურა და ადამიანებს ექნებათ ევროპული კეთილდღეობა

იმის ნაცვლად, რომ ახლა ვიმყოფებოდეთ ხალხთან შეხვედრებზე და ვესაუბრებოდეთ უმუშევრობასა და სიღარიბეზე, თუ როგორ გვართმევს ივანიშვილი 14 მილიარდიან შესაძლებლობას, რაც მოხმარდებოდა ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღებას, ივანიშვილის რეჟიმი გვატარებს სასამართლოებზე, ამიტომ 26 ოქტომბერს ერთიანობით უნდა დავასრულოთ ეს მარაზმი, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
ირაკლი ნადირაძის განცხადებით, 26 ოქტომბერს ყველამ უნდა დავასრულოთ „ეს მარაზმი და წავიდეთ ევროპისკენ, სადაც იქნება თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი პოლიცია, პროკურატურა და ადამიანებს ექნებათ ევროპული კეთილდღეობა“.
„ივანიშვილის სანქცირებული სასამართლოს პირობებში, არ შეიძლება პოზიტიური გადაწყვეტილების იმედი გვქონდეს, ეს კეთდება ერთადერთი რამის გამო, რომ მოგვაცდინონ საარჩევნო კამპანიისგან. ახლა უნდა ვიმყოფებოდეთ ხალხთან შეხვედრებზე, ვესაუბრებოდეთ მათ პრობლემებზე – უმუშევრობაზე, სიღარიბეზე, გაზრდილ ფასებზე, გაზრდილ საპროცენტო სესხებზე, გაზრდილ ემიგრაციაზე, ასევე როგორ ართმევს ივანიშვილი შესაძლებლობას ადამიანებს მიიღონ 14 მილიარდი ევროს დახმარება, რაც მოხმარდებოდა ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღებას და ქართული ოჯახების გაძლიერებას.
უნდათ, რომ ასე ყოველდღე გვატარონ სასამართლოებში და ამ პრობლემების ნაცვლად გვალაპარაკონ იმაზე, თუ როგორ მოხდა დაჭერა და ვართ თუ არა მართლები. ამიტომ 26 ოქტომბერს ყველამ ერთიანობით უნდა დავასრულოთ ეს მარაზმი და წავიდეთ ყველანი ევროპისკენ, სადაც იქნება თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი პოლიცია, პროკურატურა და ადამიანებს ექნებათ ევროპული კეთილდღეობა.
აბსოლუტურად უკანონოდ მოხდა ირაკლი ეძგვერაძის და ჩემი დაკავება. მიუხედავად იმისა, რომ იქ ადგილზე ძალიან ბევრი კამერა იღებდა და არაერთი მოწმე არსებობს, პოლიციამ მხოლოდ პოლიციელები წარმოადგინა მოწმეებად, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ ექნებათ ერთნაირი ჩვენებები“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ, რომლის განცხადებასაც პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრები ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე -მ ადმინისტრაციული წესით 4 სექტემბერს დააკავა. როგორც შსს-ში განმარტეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან.
ირაკლი ნადირაძე იმავე ღამეს გაათავისუფლეს. 6 სექტემბერს კი თბილისის საკრებულოს დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ეძგვერაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.