საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და თელავის, ახმეტის, გურჯაანის ტექნოპარკების ორგანიზებით, ასევე კახეთის რეგიონის 6 მუნიციპალიტეტის მერიის (ახმეტა, თელავი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, საგარეჯო, ყვარელი) მხარდაჭერით, „კახეთის ტექნოლოგიური ბანაკი სტუდენტებისთვის“ დაიწყო, რომელიც 13 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ და ბანაკის მონაწილეებს შეხვდნენ GITA – ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი. ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე კახეთის რეგიონის აღნიშნული მუნიციპალიტეტების მერები.
ბანაკის მიზანია კახეთის რეგიონის წამყვან ეკონომიკურ დარგებში, სოფლის მეურნეობასა და სტუმარმასპინძლობის სექტორებში ინოვაციური გადაწყვეტებისა და ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, რეგიონის მასშტაბით წარმატებული სტუდენტების სტარტაპ საქმიანობით დაინტერესება, სტუდენტებს შორის მყარი სამომავლო კავშირების გაჩენა და მათთვის GITA-ს არსებული პროგრამების, მათ შორის კახეთის რეგიონული ტექნოპარკების ბენეფიტებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდა.
ბანაკში მონაწილეობას იღებს კონკურსის წესით შერჩეული 50 სტუდენტი, კახეთის 8 მუნიციპალიტეტიდან.
პროექტის განმავლობაში მონაწილეებს ჩაუტარდებათ ლექცია-სემინარები, ვორქშოპები, გუნდური სამუშაოები. კონკრეტულად კი, გაეცნობიან ინოვაციურ და ტექნოლოგიურ მეწარმეობასა და კახეთის წამყვანი დარგების ტექნოლოგიური/ინოვაციური განვითარების პოტენციალს. მონაწილეები მოისმენენ რეალური სტარტაპების წარმატების გზას, რის შემდგომაც მენტორებთან ერთად იმუშავებენ სტარტაპის შექმნისა და განვითარების რეალურ გზებზე. ბანაკის ფარგლებში მონაწილეები დაიყოფიან 2 თემატურ ჯგუფად: 1. აგრო ტექნოლოგიები 2. სტუმარმასპინძლობის სექტორი და ტექნოლოგიები.
ტრენინგების გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ ახალი ინოვაციური სამეწარმეო საქმიანობის დაწყებას, საკუთარ სამეწარმეო საქმიანობაში ინოვაციური და ტექნოლოგიური ელემენტების დანერგვას. პროექტის განმახორციელებელია შპს „ქლევერტონი““ – ნათქვამია ინფორმაციაში.