ირაკლი კობახიძე სადამკვირვებლო მისია „ჩემ ხმაზე“ – ეს არის საარჩევნო კამპანია და არა სადამკვირვებლო მისია – სამწუხაროა, რომ ეს არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო უცხოური ჩარევის ფონზე

ეს არის საარჩევნო კამპანია და არა სადამკვირვებლო მისია-სამწუხაროა, რომ ეს წარიმართება უპრეცედენტო უცხოური ჩარევის ფონზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე სადამკვირვებლო მისია „ჩემ ხმაზე“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული კამპანია, რომელიც უცხოური ფულით ფინანსდება უხეშად უპირისპირდება საარჩევნო პრინციპებს.
„რეალურად, ეს არის საარჩევნო კამპანია და არა სადამკვირვებლო მისია. შეგიძლიათ იხილოთ მათი საარჩევნო სააგიტაციო მასალები, სადაც ისინი პირდაპირ აწარმოებენ აგიტაციას კონკრეტული პოლიტიკური ძალების სასარგებლოდ და კონკრეტული პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგოდ. პირველი უხეში დარღვევა არის ის, რომ საარჩევნო კამპანია ფინანსდება უცხოური ფულით. მეორე: საინტერესოა ის, რომ ამ კამპანიაში ჩართულები არიან ე.წ. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები. არის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს ფორმალურად პრეტენზია, რომ უნდა იყოს ნეიტრალური დამკვირვებელი და ამ დროს პირდაპირაა ჩართული საარჩევნო აგიტაციაში კონკრეტული პოლიტიკური ძალების სასარგებლოდ და კონკრეტული პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგოდ. ეს არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა. ამ უხეში დარღვევის უცხოური დაფინანსება არის დამატებით საარჩევნო პრინციპების დარღვევა. სამწუხაროა, რომ ეს არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო უცხოური ჩარევის ფონზე. კარგია ის, რომ ეს უცხოური უპრეცედენტო ჩარევა რაც საარჩევნო პრინციპებს ეწინააღმდეგება ვერ აისახება არჩევნების შედეგებზე“,- აღნიშნა პრემიერმა.
ცნობისთვის, გუშინ, სამოქალაქო ორგანიზაციებმა „დედაენის ბაღში“ სადამკვირვებლო მისია – „ჩემი ხმა“ წარადგინეს. 30-მდე სამოქალაქო ორგანიზაცია ერთიანდება იმისთვის, რომ 26 ოქტომბრის საარჩევნო პროცესს დააკვირდეს.