ლევან მაჭავარიანი – ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს, ფონს მოკლევადიანი ტყუილებით გავიდნენ – ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა ბუნდესტაგის წევრებს

ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ჩვენი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა აღნიშნულ პიროვნებებს – ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს, რომ ფონს მოკლევადიანი ტყუილებით გავიდნენ, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს, რომ ბუნდესტაგის წარმომადგენლებს პარლამენტის სპიკერი და არავინ აღმასრულებელი ხელისუფლებიდან არ შეხვდა.
მისი თქმით, „ოპოზიციონერების ამგვარი ტყუილები საზოგადოებასა და მათ შორის, მათ ამომრჩეველზე ნეგატიურად მოქმედებს.”
„ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ჩვენი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა აღნიშნულ პიროვნებებს. ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს, რომ
ფონს მოკლევადიანი ტყუილებით გავიდნენ. ეს ნახევარ-საათიანი ტყუილი აღმოჩნდა, რასაც მიჩვეულები არიან. იმასაც ვერ ხვდებიან, რომ ეს საზოგადოებაზე ძალიან ნეგატიურად მოქმედებს იმ კუთხით, რომ შეიძლება თავისი ერთგული ამომრჩეველიც დაკარგონ, როდესაც დააკვირდებიან რომ ყოველდღიურ რეჟიმში იტყუებიან. ეს ტყუილები აქამდე თუ ერთ და ორ კვირიანი იყო, ახლა 10 წუთიან და ნახევარ-საათიან ტყუილებზე ჩამოვიდნენ”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
გარდა ამისა, მაჭავარიანმა ისაუბრა ბუნდესტაგის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებებზე, რომელიც მან საქართველოში ვიზიტისას გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი განცხადება იყო „შეურაცხმყოფელი ჩვენი ხალხისთვის, კულტურისთვის და იდენტობისთვის“.
„ბუნდესტაგის მაღალი რანგის წარმომადგენელი უკვე საქართველოში იყო ჩამოსული – მეც მახსოვს მისი სიტყვით გამოსვლა, იმ მამაკაცის, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა, რომ თუ არ ვცდები, გათხოვილი იყო. მან ქართველებს იმასთან დაკავშირებით მიმართა, რომ თურმე ქრისტიანობა სიბნელესთან ასოცირდება. ასე გამოვიდა, მე არ ვიცი, გულში რა ედო და რისი გადმოცემა სურდა, მაგრამ რაც მან განაცხადა იყო შეურაცხმყოფელი ჩვენი ხალხისთვის, კულტურისთვის, იდენტობისთვის და ჩვენთვის. „როგორ უნდა დაუკავშიროთ ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა რაიმე ტიპის პროგრესს, ეს სიბნელეაო“ – სიტყვა-სიტყვით ეს თქვა. ამას იმიტომ გპასუხობთ, რადგან კონკრეტულად ამ პიროვნებაზე მკითხეთ. მე გიპასუხეთ, როგორ მახსოვს ამ პიროვნების ჩამოსვლა, მაგრამ რა შუაშია ახალი დელეგაციის ჩამოსვლა ძველ დელეგაციასთან, არ ვიცი. მართლა არ ვიცი, რა იყო პროტოკოლით გათვალისწინებული. ერთადერთი რაც ზუსტად ვიცი, არის ის რომ ნიკოლოზ სამხარაძეს ჰქონდა მათთან შეხვედრა”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციების სპიკერები სტუმრობენ. ოპოზიციონერი დეპუტატების ინფორმაციით, სტუმრებთან შეხვედრაზე პარლამენტის სპიკერმა და აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერებმა უარი თქვეს.