არჩილ თალაკვაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ კლავდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და კლავს ახლაც, ოპოზიციაში ყოფნის დროს – ამას სჭირდება სამართლებრივი შეფასება

„ნაციონალური მოძრაობა“კლავდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და კლავს ახლაც, ოპოზიციაში ყოფნის დროს, – ამას სჭირდება სამართლებრივი შეფასება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც წყალტუბოში “ქართული ოცნების” წარმომადგენლის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, მომხდარს ასევე საზოგადოების მხრიდან ძალიან მკაცრი შეფასება სჭირდება.
„ნაციონალური მოძრაობა“ კლავს, „ნაციონალური მოძრაობა“ კლავდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და კლავს ახლაც, ოპოზიციაში ყოფნის დროს. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში რჩება ისეთი პოლიტიკური პარტია, რომლის სტილიც, დამოკიდებულებაც, აზროვნებად მთლიანად არის მიმართული აქეთ – როგორ შეავიწროონ ადამიანები, როგორ გააკეთონ ზიზღის და სიძულვილის კამპანია და როგორ დაესხან თავს ნებისმიერს, ვინც არ ჯდება მათ დღის წესრიგში და არ არის მათი ხაზის გამტარებელი. ამას რასაკვირველია, სჭირდება ძალიან მკაცრი შეფასება საზოგადოების მხრიდან. ასევე, სჭირდება სამართლებრივი შეფასებაც“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მათი გუნდის წევრს, ერმილე გიგიაძეს წყალტუბოში, „ქართული ოცნების“ ოფისთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გიგიაძე, ნერვიულობის ნიადაგზე, ადგილზე გარდაიცვალა.