თბილისში ორსართულიანი მატარებელი ადამიანებს დაეჯახა – არის მსხვერპლი

დღეს, 3 სექტემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე თბილისში, ფეიქრების ქუჩასთან, შტადლერის ორსართულიანი მატარებელი ადამიანებს დაეჯახა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ შემთხვევის ადგილზე ორი დაღუპული ადამიანი დახვდათ.
„საქართველოს რკინიგზის“ ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ -თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ამ დროისთვის გაჩერებულია.
განახლება
მოგვიანებით განცხადება გაავრცელა „საქართველოს რკინიგზამ“, რომელშიც ვკითხულობთ, რომ მატარებლის დაჯახების შედეგად დაღუპული ორი ადამიანი გეგმურ სამუშაოებს ასრულებდა და ისინი რკინიგზის თანამშრომლები იყვნენ.
„დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმურ სამუშაოებს ასრულებდნენ“, – წერია განცხადებაში. ამავე ცნობით, მატარებლის მგზავრები არ დაშავებულან.
„საქართველოს რკინიგზა“ აცხადებს, რომ მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც ბათუმი-თბილისის მატარებელი დაიძვრება „თბილისი ცენტრალის“ მიმართულებით.
„საქართველოს რკინიგზა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს.
ავარიის შესახებ ცნობა თავდაპირველად გაავრცელა „ფეისბუკ“-გვერდმა „ჩემი ქალაქი მკლავს“.