შალვა პაპუაშვილი – სამოქალაქო საზოგადოების არსებული ფრანკენშტეინის მოდელი უპერსპექტივოა, გამჭვირვალობის კანონის შესრულება კი კარგი საწყისი წერტილია ამ პრობლემის გადასაჭრელად

სამოქალაქო საზოგადოების არსებული ფრანკენშტეინის მოდელი უპერსპექტივოა, გამჭვირვალობის კანონის შესრულება კი კარგი საწყისი წერტილია ამ პრობლემის გადასაჭრელად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილის თქმით, იდეოლოგიური კონფორმიზმი და გამჭვირვალობის ნაკლებობა განასხვავებს ტოტალიტარულ საზოგადოებას ჭეშმარიტად დემოკრატიულისაგან.
„გასულ კვირას ქართულმა „სამოქალაქო საზოგადოებამ“, ანუ უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, დააშინეს და შეავიწროვეს თავიანთივე წევრი – ორგანიზაცია, „სირცხვილია“. ამ ორგანიზაციამ მანამდე მზადყოფნა გამოხატა, დაფინანსება, გამჭვირვალობის კანონის შესაბამისად, გაესაჯაროებინა, მაგრამ, დაშინების ფართო კამპანიის შედეგად, უკან დაიხია, გადაწყვეტილება შეცვალა და ორგანიზაციის დირექტორიც კი გააგდო. ეს, მართლაც, სამარცხვინო ეპიზოდი ნათლად გვიჩვენებს უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობოებში გამეფებულ ჩაკეტილ აზროვნებას, სწორხაზოვნებასა და სიძულვილს.
მოდით, პირდაპირ ვთქვათ: ხელოვნური სამოქალაქო საზოგადოების შექმნით, ამერიკელმა და ევროპელმა დონორებმა საქართველოში ფრანკენშტეინის მონსტრი გამოძერწეს, რომელიც, აქამდე, უპირობოდ უტევდა სახელმწიფოს, ახლა კი საკუთარ რიგებში კანიბალიზმს მიჰყო ხელი. ეს გახლავთ ხელოვნური სამოქალაქო საზოგადოების შექმნის გაუთვალისწინებელი შედეგი, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებისგან განსხვავებით, ხალხისადმი ანგარიშვალდებული არ არის.
არასამთავრობოების უმეტესი ნაწილი დასავლურ დაფინანსებაზეა დამოკიდებული და სულაც არ ზრუნავს იმაზე, რომ რიგით მოქალაქეებს ან ადგილობრივ დონორებს მიმართოს და განახორციელოს პროექტები, რომლებიც მოსახლეობის საჭიროებებს ასახავს. სულაც არაა გასაკვირი, რომ ამგვარი ქმნილება, დასავლური შეფუთვის ქვეშ, ბოლშევიკური ქცევის ნიშნებს ამჟღავნებს. დემოკრატია პლურალისტულ და მრავალფეროვან საზოგადოებაში ვითარდება. იდეოლოგიური კონფორმიზმი და გამჭვირვალობის ნაკლებობა განასხვავებს ტოტალიტარულ საზოგადოებას ჭეშმარიტად დემოკრატიულისაგან. საუბედუროდ, ქართული „სამოქალაქო საზოგადოება“, ფარული უცხოური დაფინანსებით, ვიწროდ განსაზღვრული რწმენებით და დაშინებისა და ძალადობისკენ მიდრეკილებით უფრო პირველს წააგავს, ვიდრე მეორეს. უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობოებმა არჩიეს, საკუთარ თავში ჩაკეტილიყვნენ და ერთგვაროვანი, შეზღუდული და გაკაპასებული თემი შეექმნათ. ეს არც პლურალიზმს უწყობს ხელს და არც დემოკრატიას. დაშინება, ვირტუალური ძალადობა, იდეების ცენზურა, რეალობის იგნორირება, ხალხის საჭიროებების უარყოფა მათთვის დამახასიათებელი ქცევა გახდა. ვანდალიზმი ამ ქცევის განსაკუთრებულად ირონიული ნაწილია. თავი დავანებოთ იმას, რომ ვანდალიზმი არანაირად არ ჯდება ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებში. ნამდვილი ირონია ისაა, რომ დაფინანსება, რომელიც ამ ვანდალიზმის საშუალებას აძლევს მათ, როგორიც იყო გასულ კვირას პარლამენტის შენობაზე საღებავით წარწერის გაკეთება, საქართველოს „დემოკრატიულ დახმარებად“ ეთვლება. ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდი იყო „სირცხვილიას“ საქმიანობაში, რომელმაც ადრე წაახალისა და რომანტიზება გაუკეთა „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას პოლიციელების მისამართით. შეგახსენებთ, რომ ამგვარი ვანდალიზმის შედეგები საქართველოს ბიუჯეტის გამოსასწორებელია. სხვათა შორის, კარგი იქნებოდა, რომ დონორებს საგრანტო განაცხადებში ცალკე გრაფა გამოეყოთ იმ ქაოსის გამოსასწორებლად, რომელსაც „დემოკრატიული დახმარება“ ტოვებს თბილისის ქუჩებში“, – წერს პაპუაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კიდევ ერთი ირონიული ასპექტი, რომელიც უფრო დამაზიანებელია, ვიდრე ვანდალიზმისა და დემოკრატიის აღრევა, ისაა, რომ დონორები მოხიბლულნი არიან თავიანთი ქმნილებით და უკრიტიკოდ იღებენ არასამთავრობოების მოქმედებებსა და მოსაზრებებს.
„ის ფაქტი, რომ ხელოვნური „სამოქალაქო საზოგადოება“ ხალხის ინტერესებსა და საზოგადოების საჭიროებებს არ ასახავს, დონორებს ყურადღების მიღმა რჩებათ. სამწუხაროდ, დონორები თავადვე იქცნენ დაფინანსებული ორგანიზაციების მძევლებად. არასამთავრობოებმა შექმნეს კლანი (მათივე საყვარელი ტერმინი რომ გამოვიყენო), რომლითაც დამფინანსებლების მანიპულირებას ახდენენ. აცდენამ მოლოდინსა და რეალობას, განზრახვებსა და შედეგებს, პრინციპებსა და მანიპულაციას შორის უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოები რადიკალიზმამდე მიიყვანა, რითაც ძალიან დაემგვანენ ჩვენს უნიათო ოპოზიციურ პარტიებს. დონორებმა პასუხისმგებლობის თავიანთი წილი უნდა აიღონ. დროა, სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსებისა და ანგარიშვალდებულების გარშემო ვითარება გადაიხედოს. გამჭვირვალება და დიალოგი გადამწყვეტი იქნება ამ კვანძის გასახსნელად. ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების უკრიტიკოდ მიღება შეცდომა იყო. თუკი გამჭვირვალების, პლურალიზმისა და კონკურენციის დემოკრატიული პრინციპები რამეს ნიშნავს, მაშინ ისინი არასამთავრობოებსაც ისევე უნდა შეეხოს, როგორც სხვა საზოგადოებრივ აქტორებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს ეხება. სამოქალაქო საზოგადოების არსებული
ფრანკენშტეინის მოდელი უპერსპექტივოა. გამჭვირვალობის კანონის შესრულება კი კარგი საწყისი წერტილია ამ პრობლემის გადასაჭრელად“, – წერს პაპუაშვილი.