მაღალი ხარისხის გამოსახულება და დიაგნოსტირების სიზუსტე – რა უპირატესობა აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებს ულტრაბგერით კვლევაში

დღეს ყველა თანხმდება იმაზე, რომ ულტრაბგერითი კვლევის დროს მაღალტექნოლოგიური აპარატების გამოყენებას არსებითი მნიშვნელობა აქვს. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ რადიოლოგი ნინო ღამბაშიძე ამბობს, თანამედროვე აპარატები უფრო მაღალი ხარისხის გამოსახულებას იძლევა, რაც დიაგნოსტიკის სიზუსტეს აუმჯობესებს და შეცდომების რისკს ამცირებს. რაც შეეხება GE-ს უახლესი თაობის ულტრაბგერით აპარატს LOGIQ Fortis-ს, მასში ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტი, აღჭურვილია მონაცემთა დაცვის და კიბერუსაფრთხოების სისტემით, აპარატი ინახავს პაციენტის წინა ვიზიტის მონაცემებს, რაც ექიმს საშუალებას აძლევს, მარტივად შეადაროს ახალი და ძველი შედეგები და ა.შ.
GE LOGIQ Fortis-ის უპირატესობებზე „კომერსანტს“ რადიოლოგი, ნინო ღამბაშიძე ესაუბრა.
რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური აპარატების გამოყენება ულტრაბგერითი კვლევის დროს?
ნინო ღამბაშიძე, „ნიუ ჰოსპიტალსის“ რადიოლოგი: თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური აპარატები უფრო მაღალი ხარისხის გამოსახულებას იძლევა, რაც აუმჯობესებს დიაგნოსტიკის სიზუსტეს და ამცირებს შეცდომების რისკს. GE LOGIQ Fortis-ის გამოყენება სპეციალისტებს აძლევს საშუალებას ზუსტად და ადრეულ ეტაპზე გამოავლინოს პათოლოგიები, რაც ზრდის წარმატებული მკურნალობის შანსებს.
რა უპირატესობებით და მახასიათებლებით გამოირჩევა უახლესი თაობის GE LOGIQ Fortis აპარატი სხვა ულტრაბგერითი აპარატებისგან?
GE LOGIQ Fortis ბოლო თაობის ექსპერტული კლასის აპარატია, რომელშიც ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტი. GE LOGIQ Fortis , გააჩნია მაღალი რეზოლუციის გამოსახულება და მონაცემთა დაცვის და კიბერუსაფრთოების სისტემა. აპარატი ინახავს პაციენტის წინა ვიზიტის მონაცემებს, რაც ექიმს საშუალებას აძლევს მარტივად შეადაროს ახალი და ძველი შედეგები. აპარატი მოიცავს მნიშვნელოვან დამატებით ფუნქციას – Shear wave ელასტოგრაფიასა და UGAP-ს, ეს ფუქნციები დიაგნოსტიკური შესაძლებლობების გაზრდას უზრუნველყოფს.
რა როლს ასრულებს ულტრაბგერით აპარატში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიის ინტეგრაცია კვლევის პროცესში?
ულტრაბგერით აპარატში ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული ტექნოლოგიის ინტეგრაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს დიაგნოსტიკის პროცესში. AI ტექნოლოგია აუმჯობესებს კვლევის სიზუსტეს და ამცირებს კვლევის ხანგრძლივობას , GE LOGIQ Fortis-ში AI-ის გამოყენება საშუალებას აძლევს აპარატს, დამოუკიდებლად იპოვოს და გამოკვეთოს შესაძლო პათოლოგიური უბნები, მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის კვლევის დროს ის ავტომატურად ეძებს კვანძებს, ზომავს და დინამიკაში ახდენს მონაცემების წინა კვლევებთან შედარებას.
ეს ყველაფერი ხელს უწყობს კვლევის პროცესის გამარტივებას და ზუსტი შედეგების მიღებას.
სხეულის რა ზონების კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი და რა დაავადებების გამოვლენა შეიძლება მოხდეს ამ აპარატით?
GE LOGIQ Fortis საშუალებას იძლევა ჩატარდეს ფარისებრის, სარძევე ჯირკვლის, მუცლის ღრუს ორგანოების (ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, პანკრეასი, ელენთა), საშარდე სისტემის (თირკმელები, შარდის ბუშტი, წინამდებარე ჯირკვალი), გინეკოლოგიური (აბდომინური და ვაგინალური), ლიმფური კვანძების, რბილი ქსოვილების, სახსრების გამოკვლევა და ა.შ.
აპარატის დახმარებით შესაძლებელია მრავალი დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა, მათ შორისაა ონკოლოგიური დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და თირკმლების, ასევე გინეკოლოგიური პათოლოგიები და სხვა.
დამატებით რის საშუალებას აძლევს სპეციალისტს GE LOGIQ Fortis-ის გაზრდილი დიაგნოსტიკური შესაძლებლობები და ისეთი უახლესი ფუნქციები, როგორიცაა Shear wave ელასტოგრაფია და UGAP-ი?
Shear wave ელასტოგრაფია ინოვაციური ტექნოლოგიაა, რომელიც საშუალებას იძლევა, შეფასდეს ქსოვილის ელასტიკურობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნეების ან ღვიძლის დაავადებების გამოვლენისთვის. Shear Wave ელასტოგრაფია ღვიძლის სიმკვრივის განსაზღვრის არაინვაზიური, უმტკივნეულო და სწრაფი კვლევის მეთოდია, რომელიც გამოიყენება ღვიძლის ფიბროზის ხარისხის დასადგენად.
როგორც აღვნიშნეთ, LOGIQ fortis-ს გაზრდილი აქვს დიაგნოსტიკური შესაძლებლობები ახალი ფუნქციებით, რომლებიც ორიენტირებულია ღვიძლის დაავადების მართვაზე. მაგალითად, UGAP- ულტრაბგერითი მართვადი შესუსტების პარამეტრი ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების მქონე პაციენტებში სტეატოზის რაოდენობრივი განსაზღვრის და ხარისხის შესაფასებლად გამოიყენება.
ულტრაბგერითი აპარატი აღჭურვილია მონაცემთა დაცვის და კიბერუსაფრთხოების სისტემით და აქვს მძლავრი ციფრული პლატფორმა. რას გულისხმობს ეს ყველაფერი?
GE LOGIQ Fortis აპარატში ჩაშენებულია ისეთი მრავალდონიანი უსაფრთხოების მექანიზმები როგორიცაა: დაშიფვრის ტექნოლოგიები, მომხმარებლის ავტორიზაციის კონტროლი და სისტემის რეგულარული განახლება. ეს მექანიზმები იცავს პაციენტის მონაცემებს უნებართვო წვდომისგან, მონაცემთა დაკარგვისა და შეცვლისგან. ასევე, აპარატი აღჭურვილია კიბერუსაფრთხოების სისტემით. ეს ყველაფერი კი აპარატის გამართულ და უსაფრთხო ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.