BYD ავტომობილების გერმანული დისტრიბუტორის Hedin Electric-ის ყიდვას გეგმავს

ელექტრომობილების ჩინური მწარმოებელი BYD ავტომობილების გერმანული დისტრიბუტორის Hedin Electric Mobility-ის შესყიდვას გეგმავს – ამის შესახებ ორივე კომპანიამ განცხადება 30 აგვისტოს გაავრცელა და დაადასტურა, რომ BYD ევროპაში ელექტრომობილების წამყვანი საწარმოს სახელით დამკვიდრებას გეგმავს.
გეგმის თანახმად, BYD თავად იქნება პასუხისმგებელი გერმანიაში მათი მარკის ელექტრომობილების გაყიდვებთან დაკავშირებული მარკეტინგული თუ ფინანსური აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში, ასევე, შტუტგარტსა და ფრანკფურტში მათი მაღაზიების მენეჯმენტშიც.
BYD-ის თქმით, შეთანხმება კვლავ დადასტურების ეტაპზეა და, სავარაუდოდ, წლის მეოთხე კვარტალში დაიხურება.
ელექტრომობილების და მათი ნაწილების მწარმოებელი წამყვანი ჩინური კომპანია მსოფლიოში საკუთარ წარმომადგენლობას აქტიურად ზრდის და საწარმოების გასახსნელად ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაშიც ემზადება.
კომპანია წლიურ ჭრილში გაყიდვების 20%-იან ზრდას ელოდება, რისთვისაც ყველაზე გაყიდვად მოდელებზე მომხმარებელს მსხვილ ფასდაკლებასაც სთავაზობს. კომპანიის გაყიდვებში საერთაშორისო ტრანზაქციების წილმა წლის პირველ 7 თვეში 11.9% შეადგინა; BYD ყველაზე მოთხოვნადი ბრიტანეთის ბაზარზე აღმოჩნდა.
წყარო: bm.ge