“მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ჩვენ დავთანხმდით არის ის, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის საყრდენი, განმსაზღვრელი ან საფუძველი – ასეთი ჩანაწერი იქნება, მაგრამ საბოლოო ვერსიაზე კიდევ შევთანხმდებით ერთმანეთთან” – პრემიერმინისტრთან საპატრიარქოს წარმომადგენლების შეხვედრის შესახებ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ფორმულასთან ისაუბრა.
“აბსოლუტური თანხმობაა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაიწეროს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი საქართველოს ისტორიაში და მართლმადიდებლობაში” – ამბობს პროტოპრესვიტერი.
ზვიადაძის თქმით, 30 აგვისტოს პრემიერმინისტრთან შეხვედრას მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან ესწრებოდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე, თავად პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს პრესსპიკერი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
“პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ, ნათლად განმარტა, რომ როდესაც თავდაპირველი შემოთავაზება იყო, რომ ხომ არ იქნებოდა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მნიშვნელოვანი მისი სტატუსის ამაღლება და ისეთი სტატუსის შემოტანა, რომ ყოფილიყო მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებული.
პრემიერი ფიქრობდა, ისეთი ჩანაწერი გაკეთებულიყო, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფდა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან.
მაგრამ, მიუხედავად ამგვარი, რა თქმა უნდა, პატივისცემით, დამოკიდებულებისა პრემიერ-მინისტრის და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, მცდელობა იყო იმის, რომ ეს ყოფილიყო, საქართველოს ეკლესიისთვის თუ იქნებოდა ეს მისაღები, ისეთი ჩანაწერი გაკეთებულიყო, რაც უზრუნველყოფდა საქართველოს მართმადებელი ეკლესიის დამოუკიდებლობას” – თქვა ზვიადაძემ.
პროტოპრესვიტერი ასევე ამბობს, რომ ეკლესიის ერთმნიშვნელოვანი პოზიციაა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმება ძალაში უნდა დარჩეს.
„საქართველოს სახელმწიფო აღიარებს საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო მართმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და დაემატება “თანამედროვებაში”- ამბობს პროტოპრესვიტერი.