როგორია ფინანსურ დანაშაულთა სტატისტიკა საქართველოში

2024 წლის ივლისში, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულებზე დევნის დაწყების მაჩვენებელი შემცირდა. საქსტატის სისხლის სამართლის სტატისტიკის მიხედვით, ამ მიმართულებით დევნა მიმდინარე წლის ივლისში 16 პირის მიმართ დაიწყო, ხოლო გასული წლის ივლისში – 31-ის.
უფრო დეტალურად, 9 შემთხვევაში დევნის დაწყების მიზეზი საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევაა იყო, ხოლო 7-ზე – გადასახადისათვის თავის არიდება.
რაც შეეხება დანაშაულებს ფულად-საკრედიტო სისტემაში, ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენების მუხლით დევნა 5 პირზე დაიწყო, ხოლო კრედიტის უკანონოდ მიღებისთვის 3-ზე. გასული წლის ივლისში დევნის დაწყების მაჩვენებელი ფულად-საკრედიტო სისტემაში დანაშაულებზე 31 იყო, შესაბამისად, მაჩვენებელი შემცირებულია.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის ივლისში სისხლისსამართლებრივი დევნა სულ 1963 პირის მიმართ დაიწყო, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 34-ით მეტია.
წყარო: bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ