უკრაინის მხრიდან კურსკის ოლქზე თავდასხმის გამო ტერიტორიები არ გაიცვლება – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „რაშა თუდეისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ კურსკის ოლქზე უკრაინის თავდასხმის გამო ტერიტორიების გაცვლა არ მოხდება.
ლავროვის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი აღიარებს, რომ ტყვეები აჰყავს და მიწების დაკავება შემდგომი მოლაპარაკებებისთვის სურს.
„ძალიან რთულია იმის განსჯა, თუ რა მიზანი და ჩანაფიქრი ჰქონდათ უკრაინელებს. მაგრამ ახლა პოლიტოლოგები ამას განიხილავენ. თვით ზელენსკიმაც კი თქვა- მას ხანდახან ფროიდისეული აღიარებები წამოსცდება ხოლმე – რომ ეს მათ შემდგომი გაცვლებისთვის დასჭირდებათ. ამიტომ თურმე ტყვეებიც აჰყავთ და კვადრატული კილომეტრების დაკავებაც სურთ. ეს ისე გულუბრყვილოდ და მიამიტურად ჟღერს. ჩვენი ტერიტორიის საკითხს არავისთან არ განვიხილავთ. ჩვენს ტერიტორიებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ“, – აღნიშნა ლავროვმა.