რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „უცხოელი აგენტების“ რეესტრში ინტერნეტ-გამოცემა „მედუზას“ თანადამფუძნებელი გალინა ტიმჩენკო და იურისტი, „თავისუფალი უნივერსიტეტის“ პროფესორი ელენა ლუკიანოვა შეიყვანა. ამის შესახებ უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერია. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ტიმჩენკო და ლუკიანოვა მონაწილეობდნენ სხვა „უცხოური აგენტების“ მასალების შექმნასა და გავრცელებაში, ასევე ავრცელებდნენ „ცრუ ინფორმაციას“ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის შესახებ. გარდა ამისა, ტიმჩენკო, როგორც იუწყებიან, ავრცელებდა „ცრუ ინფორმაციას, რომელიც მიმართული იყო რუსეთის არმიის უარყოფითი იმიჯის შექმნაზე“, ხოლო ლუკიანოვა თანამშრომლობდა ორგანიზაციებთან, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე „არასასურველად“ არის გამოცხადებული. იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, ტიმჩენკო და ლუკიანოვა რუსეთის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ და ორივე რუსეთის ჯარების უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ გამოდიოდა.
გარდა ამისა, „უცხოური აგენტების“ რეესტრში მოხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივა ეკოლოგიური დანაშაულების წინააღმდეგ“ და გაერთიანება „კოალიცია ნოვოსიბირსკი 2020“. იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისინი რუსეთის ხელისუფლების შესახებ „მცდარ ინფორმაციას“ და „უცხოელი აგენტების“ მასალებს ავრცელებდნენ, ასევე გამოდიოდნენ უკრაინაში ომის წინააღმდეგ.
„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. მას შემდეგ, „შავ სიაში“ შეიყვანეს რამდენიმე ასეული ორგანიზაცია და ფიზიკური პირი. ფიზიკური პირების „უცხოელი აგენტების“ რეესტრი 2022 წლის აპრილის დასაწყისში ამოქმედდა.
2022 წლის დეკემბრიდან კანონი საშუალებას იძლევა „უცხოელი აგენტებად“ გამოცხადდნენ ის პირები, ვინც, რუსეთის ხელისუფლების ვერსიით, იღებს „დახმარებას საზღვარგარეთიდან“, ასევე „უცხოეთის გავლენის ქვეშ იმყოფება“.