პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ გუნდს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია შეუერთდა.
როგორც პარტიის ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, პარლამენტში მისი გუნდი და თეონა, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი ძალიან ეფექტურად თანამშრომლობდნენ , მათ აქვთ რამდენიმე ინიციატივა ერთობლივად წარდგენილი და ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელებაა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში ერთად მიიღებენ მონაწილეობას.
„მოგეხსენებათ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა საარჩევნო კამპანია და სულ მალე იქნება საშემოდგომო სესიის პირველი სხდომა პარლამენტში. მინდა გაცნობოთ, რომ ქალბატონი თეონა აქუბარდია შემოუერთდება წინასაარჩევნოდ ჩვენს გუნდს. ჩვენ ეს ძალიან გვიხარია, რადგან საყოველთაოდ ცნობილია მისი პროფესიონალიზმი, ის დიდი ხანია მუშაობს უსაფრთხოების სფეროში და ძალზედ რეპუტაციული, გამოცდილი პროფესიონალია, რომელსაც ასევე დიდხანს უმუშავია უშიშროების საბჭოში და საჯარო მოხელეები მას იცნობენ, როგორც პრინციპულ, გამოცდილ და კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
თავად თეონა აქუბარდიამ ორი მიზეზი დაასახელა, რის გამოც გახარიას გუნდთან შეერთება გადაწყვიტა.
„პირველი – „გახარია საქართველოსთვის“ გარეშე, ივანიშვილის დამარცხება და საქართველოს გამარჯვება შეუძლებელია; მეორე – ამ პოლიტიკური გუნდის ზომიერება, კეთილსინდისიერება და ჩემი მათთან საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გამოცდილებაა.
მჯერა, რომ ჩვენ თქვენთან ერთად შევძლებთ საქართველოში ნამდვილი მშვიდობის, რეალური სუვერენიტეტის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში წევრობით ნამდვილი კეთილდღეობის მიღწევას“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
თეონა აქუბარდია პარლამენტში გიორგი ვაშაძის პარტიის „სტრატეგია აღმაშენებლის“ სიით მოხვდა. თუმცა 2022 წლის ოქტომბერში თეონა აქუბარდიამ „სტრატეგია აღმაშენებელი“დატოვა.
