ფსიქოტროპული მედიკამენტის ათასობით რეცეპტის უკანონოდ გაცემის გამო სამ სამედიცინო დაწესებულებას და ექიმებს საქმიანობა აეკრძალათ. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ დაადგინა, რომ ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტს “უკანონოდ, ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევების გარეშე გასცემდნენ” შემდეგი დაწესებულებები:
· “შპს ამბულატორიული კლინიკის“ თბილისისა და გორის ფილიალი;
· შპს „ჯანმრთელობა ყველასთვის 3“.
“აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებებში, მხოლოდ მიმდინარე წელს, სამედიცინო ჩვენების გარეშე ფსიქოტროპული მედიკამენტის 3 457 რეცეპტი გამოწერეს, რაც უპრეცედენტო რაოდენობაა და საქართველოში გამოწერილი რეცეპტების ჯამური ოდენობის, დაახლოებით 50%-ს შეადგენს”, — ამბობს სამინისტრო.
“აღსანიშნავია, რომ დანიშნულების გაცემისას, არ არის გათვალისწინებული მედიკამენტური მკურნალობის, დოზირების და ხანგრძლივობის პრინციპები.
კერძოდ, ექიმი ფსიქოტროპული მედიკამენტის გამოწერას გადაჭარბებული დოზით ახდენდა, რითაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა პაციენტის ჯანმრთელობას. დარღვეული იყო მკურნალობის ყველანაირი პროტოკოლი და გაიდლაინი”, — ამატებს უწყება.
მისი სიტყვებით, პროცესში ჩართული პირები “ანგარების მოტივით გამოუსწორებელ ზიანს აყენებდნენ ათასობით პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას”.
“აღსანიშნავია, რომ სამივე დაწესებულებას ერთი მესაკუთრე და საერთო სამედიცინო პერსონალი ჰყავს. აღნიშნული ამბულატორიების საქმიანობა კი მხოლოდ ფსიქოტროპული მედიკამენტის რეცეპტების უკანონოდ გამოწერით შემოიფარგლებოდა.
აღნიშნული დაწესებულის 3 ექიმს, ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ, სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმა.
მძიმე გარემოებების გათვალისწინებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ სამივე დაწესებულებას, ხელმძღვანელსა და 3 ექიმს საქმიანობა აუკრძალა”, — ვკითხულობთ განცხადებაში.
საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.