სახელმწიფო კომპანიები, რომლებიც ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებენ – ჩამონათვალი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასული წლის ბოლოს საქართველოში დაქირავებით დასაქმებული იყო 871 ათასი ადამიანი.
მათგან 308 ათასი ადამიანი სახელმწიფო სექტორში იყო დასაქმებული, რაც დაქირავებით დასაქმებულების 35%-ია. სახელმწიფო სექტორში დასაქმებულები ძირითადად აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (სსიპ) და სახელმწიფოს დაარსებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში (ა(ა)იპ) მუშაობენ.
სახელმწიფო სექტორში დასაქმებულებად ითვლებიან ის ადამიანებიც, ვინც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ საწარმოებში მუშაობენ. სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულთა ჯამური რიცხვი უცნობია, მაგრამ ის, სულ მცირე, 50 ათასი იქნება.
მოკლედ მიმოვიხილავთ 10 ყველაზე მსხვილ დამსაქმებელ სახელმწიფო საწარმოს, რომლებიც ერთად 36 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებენ. ინფორმაციის წყარო აღნიშნული საწარმოების წლიური ფინანსური ანგარიშები და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების დოკუმენტებია.
10. შპს „ენგურჰესი“
შპს „ენგურჰესი“ დაახლოებით 900 ადამიანს ასაქმებს. 2022 წელს კომპანიის შემოსავალი 70 მლნ ლარი იყო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 18 მლნ ლარი დაიხარჯა. ერთი დასაქმებულის საშუალო თვიური ხელფასი 1,700 ლარამდე გამოდიოდა. კომპანიის აქტივები 507 მლნ ლარია. „ენგურჰესის“ 100%-იან წილს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ფლობს.
„ენგურჰესი“ საქართველოში მოქმედი ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურია, რომელმაც 2022 წელს 3,747 მლნ კილოვატ/საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის 26% იყო.
9. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“
სააქციო საზოგადოება (სს) „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ დაახლოებით 1,000 ადამიანს ასაქმებს. 2021 წელს კომპანიის შემოსავალი (2022 წლის ფინანსური ანგარიში ჯერ გამოქვეყნებული არ არის) 1.1 მლრდ ლარი იყო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 33 მლნ ლარი დაიხარჯა. ერთი დასაქმებულის საშუალო თვიური ხელფასი 2,700 ლარამდე გამოდიოდა. კომპანიის აქტივები 1.9 მლრდ ლარია. კორპორაციის 100%-იან წილს სახელმწიფო ფლობს.
„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ არის დივერსიფიცირებული კომპანია, რომელიც ენერგეტიკის სხვადასხვა სეგმენტში საქმიანობს. ის რამდენიმე შვილობილ კომპანიას აერთიანებს. ჯგუფის ძირითადი საქმიანობაა ბუნებრივი გაზის იმპორტი, ელექტროენერგიის წარმოება და მიწოდება, გაზის მილსადენების იჯარა და ნავთობისა და გაზის ძიება-მოპოვება საქართველოში. მის მფლობელობაშია ისეთი მსხვილი საწარმოები, როგორიცაა გარდაბნის თბოელექტროსადგური 1 და გარდაბნის თბოელექტროსადგური 2.
8. შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“
შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“ 1,195 ადამიანს ასაქმებს. 2022 წელს კომპანიის შემოსავალი 48 მლნ ლარი იყო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 3.5 მლნ ლარი დაიხარჯა (დასაქმებულების ნაწილი მთელი წელი არ მუშაობს, ამიტომ საშუალო ხელფასს ამ შემთხვევაში ვერ გამოვთვლით). კომპანიის აქტივები 6.5 მლნ ლარია. „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ 100%-იან წილს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფლობს.
„სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ ძირითადი საქმიანობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ კადეტების, სამხედრო მოსამსახურეთა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი მომსახურების უზრუნველყოფაა. კომპანია 2014 წლის ბოლოს დაფუძნდა.
7. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 1,540 ადამიანს ასაქმებს. 2022 წელს კომპანიის შემოსავალი 346 მლნ ლარი იყო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 39 მლნ ლარი დაიხარჯა. ერთი დასაქმებულის საშუალო თვიური ხელფასი 2,100 ლარამდე გამოდიოდა. კომპანიის აქტივები 1.7 მლრდ ლარია. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მფლობელი და მაკონტროლებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.
,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ერთ-ერთი მსხვილი მფლობელია. ის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 4 357 კმ სიგრძის ელექტროგადამცემ ხაზებსა და 93 ქვესადგურს. კომპანია არ აწარმოებს ელექტროენერგიას. ის ახორციელებს ელექტროენერგიის გადაცემას ჰიდრო-, თბო- და ქარის ელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებამდე და პირდაპირ მომხმარებლებამდე.
6. შპს „საქართველოს მელიორაცია“
შპს „საქართველოს მელიორაცია“ 1,853 ადამიანს ასაქმებს. 2022 წელს კომპანიის შემოსავალი 68 მლნ ლარი იყო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 19.3 მლნ ლარი დაიხარჯა. ერთი დასაქმებულის საშუალო თვიური ხელფასი 900 ლარამდე გამოდიოდა. კომპანიის აქტივები 119 მლნ ლარია. „საქართველოს მელიორაციის“ 100%-იან წილს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფლობს.
„საქართველოს მელიორაციის“ ძირითად საქმიანობას ქვეყნის მასშტაბით საირიგაციო და სადრენაჟო წყლის მიწოდება წარმოადგენს. მომსახურების მიწოდებას ახორციელებს 20 სერვისცენტრის მეშვეობით. კომპანია მართავს ჰიდრონაგებობებს და სპეციალურ სამელიორაციო სისტემებს, რომლებიც ძირითადად სხვადასხვა ჰიდრავლიკურ-ტექნიკური ნაწილებისგან, წყლის გამანაწილებელი ხაზებისგან, გვირაბებისგან და სადრენაჟო არხებისგან შედგება.
ვრცლად იხილეთ: Forbes.ge